"MOF-2013"-ის ფინალი დღეს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინალისტები გუშინ გამოვლინდნენ.
"პირველი ფინალისტი შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის გუნდია, რომელმაც ანგარიშით 6:1 სძლია ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის გუნდს. მეორე ფინალისტია შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის გუნდი, რომელმაც ანგარიშით 2:0 დაამარცხა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გუნდი. ბომბარდირთა დავაში პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: 9 ბურთით ლიდერობს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის გუნდის ფეხბურთელი ირაკლი მიქელაძე, რომელსაც 8 ბურთით მისდევს მისი თანაგუნდელი ლევან ჩარგაზია და 6 ბურთით შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის გუნდის ფეხბურთელი დავით მეკოკიშვილი", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალ თასს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გადასცემს.
დაჯილდოვდებიან საუკეთესო მეკარე, ბომბარდირი და მოთამაშე. მედლები ასევე გადაეცემათ 1-2 ადგილის მფლობელებს. ტურნირის ყველა მონაწილე მიიღებს სამახსოვრო სიგელებს.
ფინალი დღეს, 19 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.