სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", ხვალ "თბილისის გენდერული ფორუმი" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ფორუმის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება გენდერული თანასწორობის ქსელის, მიზნების, საქმიანობის და აქტივობების შესახებ და საჯარო დისკუსიის წამოწყება გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმება პარლამენტის ვიცე სპიკერი, მანანა კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში, ნერმინ ნიშიჩი.
ფორუმს დაესწრება ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების ასზე მეტი წარმომადგენელი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება იმართება პროექტის "გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე.