საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარეობს კავკასიაში გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. საინტერესოა, რომ ჩვენ აქტიურად აღვნიშნავთ იმ დღეებს, როდესაც ვფიქრობთ, რომ დაიწყო გარკვეული ტრაგიკული მოვლენები (მაგალითად, ე.წ. "2008 წლის აგვისტოს ომი"). ამავე დროს არ ვაქცევთ ყურადღებას იმ თარიღებს, რომლებიც უკავშირდება ე.წ. ომის დამთავრებას.
2008 წლის 25 აგვისტოს აღდგა ფუნქციონირება "ბაქო-თბილისი-ჯეიხანის" ნავთობსადენის. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 5-6 აგვისტოს (ღამით) თურქეთის ქალაქ დიარბეკირთან (სოფელი რეფახია - ერზინჯანის პროვინცია) "ბაქო-თბილისი-ჯეიხანის" ნავთობსადენზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისგებლობა აიღო ქურთთა მუშათა პარტიამ. 2008 წლის 9 აგვისტოს ამ ორგანიზაციამ განაცხადა მზადყოფნა, მიეტანა მორიგი იერიში და აეფეთქებინა ნავთობსადენის სხვა მონაკვეთები. 25 აგვისტომდე ნავთობის ტრანსპორტირება იყო შეჩერებული. სიმბოლურია, რომ მისი გადაზიდვა ამ დროის მონაკვეთში ხდებოდა სამი მიმართულებით - მათ შორის ნოვოროსიისკის მარშრუტით.
ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების აზრით, ეს ტერორისტული შეტევა - ("დეარბეკირის ინციდენტი") წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირების განსაკუთრებულ ფრაგმენტს, არამედ შეიარაღებული კონფლიქტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. ეს კი რადიკალურად ცვლის არსებული კონფლიქტის სურათს. ხდება გასაგები, რომ 2008 წლის აგვისტოს გეოპოლიტიკური დაპირისპრების ესკალაცია დაიწყო NATO-ს ქვეყნის - თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტით.
ასე რომ, საქართველო უნდა განიხილებოდეს არა როგორც ამ კონფლიქტის მხარე-ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე მოხდა გეოპოლიტიკური დაპირისპირება.
ამ თვალსაზრისით საქართველო არის არა უბრალოდ მონაწილე, არამედ "NATO - რუსეთის ფედერაციის დაპირისპირების" მსხვერპლი.
კონფლიქტის სუბიექტად და არა მხარედ შეიძლება ჩაითვალოს სააკაშვილის დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმი და მისი "მონეთასავე" რეჟიმები საქართველოში და საქართველოს გარეთ. საქართველო კი წარმოადგენს ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლს.
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წიაღში შექმნილი ე.წ. "ტალიავინის დოკუმენტში" (ამ დოკუმეტის შექმნაზე გაიხარჯა 1.7 მლნ ევრო) (!!!) ამ განზომილებაზე საერთოდ არაა საუბარი და თვითონ დაპირისპირების სუბიექტებად არიან წარმოდგენილნი მხოლოდ საქართველო და რუსეთის ფედერაცია. გამომდინარე აქედან, "საერთაშორისო საზოგადოებამ" პასუხისგებლობა დააკისრა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას, რაც არაა სამართლიანი და წარმოადგენს მეთოდოლოგიურ შეცდომას, რომელიც 5 წლის განმავლობაში მალავდა ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების მთავარ შინაარს. გვაქვს იმედი რომ ეს იყო მხოლოდ სერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შეცდომა და არა განზრახული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაამღდეგ.
სამწუხაროა, რომ ყურადღება გამახვილებულია ე.წ. "სააკაშვილი-სარკოზი - მედვედევის" ფორმატზე, რომელიც 2-3 კვირაში გადაიქცა მხოლოდ და მხოლოდ "სარკოზი-მედვედევის" ფორმატად. საუბარი საერთოდ არ არის "ერდოღანი-მედვედევის" ფორმატზე, რომელიც იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ დაპირისპირების მიმდინარეობის პროცესში.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ. და იმის შესახებ თუ რის ხარჯზე მოახერხა ერდოღანმა რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჩერება. ამ მოლაპარაკების შედეგად ბორჯომის ხეობის გავლით გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზისკენ მიმავალი ტანკების კოლონა გაჩერდა. ამაზე დღეს არავინ არ საუბრობს. როგორც იმაზე, თუ რა უშლის ხელს დღეს ამ "ტანკთა კოლონას" გააგრძელოს გზა სომხეთისაკენ.
გამომდინარე აქედეან - კონფლიქტის საგანს წარმოადგენდნენ არა მხოლოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები ( და მათზე სამხედრო კონტროლის დამყარების სურვილი) - როგორც სტრატეგიული ამოცანა, არამედ ნავთობსადენების და სტრატეგიული სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლი.
ნავთობსადენი "ბთჯ" წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საგანს. გეოპოლიტიკური დაპირისპირება "დასავლეთ-აღმოსავლეთ" და "ჩრდილოეთ- სამხრეთის" ვექტორებს შორის გრძელდება და ძლიერდება.
დღეს ეს მოუგვარებელი გეოპოლიტიკური დაპირისპირება - ბრძოლა ენერგომატარებლებისათვის და სატრანსპორტო კომუნიკაციებისთვის გადადის ახალ ფაზაში. 2014 წელი გახდება ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი. რაც უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობას ახალი ტიპის სასიცოცხლო საფრთხეებს.
ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ არ გავუწიოთ ანგარიში არსებულ მდგომარეობას და უნდა მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.
"აუცილებელია არა მხოლოდ სერიოზული და ადეკვატური შეფასება 2008 წლის ომის, არამედ ახალი შესაძლო გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან თავის დაღწევა".
"უნდა შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც ჩაატარებს დამატებით გამოძიებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების და მოახდენს ადეკვატურ შეფასებებს არა მხოლოდ იმისა თუ რა მოხდა, არამედ იმის თუ რა შეიძლება მოხდეს. ამის საფუძველზე უნდა შეიქმნას საგანგებო მოქმედებების და პრევენციული ქმედებების საერთაშორისო პროგრამა".
დღეს, 2013 აგვისტოს, საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ერთობლივი მცდელობა ამ სტრატეგიული კომუნიკაციების დაცვის ახალი ტექნიკური უზრუნველყოფით (აგვისტოს დასაწყისში ამ მიზნით საქართველოში იმყოფება აზერბაჯანელი სპეციალისტების დელეგაცია, დაიგეგმა ერთობლივი სწავლებების ჩატარება) არ არის საკმარისი პირობა ჩვენი ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.
მთავარი უსაფრთხოების ელემენტი - არის პოლიტიკური განზომილება უსაფრთხოების. და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ განზომილებაზე. ნავთობსადენების ტექნიკური დაცვის უზრუნველყოფა (შეიარღებული კომპონენტის ჩათვლით) პოლიტიკური განზომილების გათვალიწინების გარეშე ქმნის დამატებით გამოწვევებს და ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხოების სისტემური, კომპლექსური ზომები რათა არ გავამრავლოთ ახალი თაობის და ტიპის საფრთხეები.
ჩვენ უნდა მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და პირველ რიგში ნატო-ში შემავალი ქვეყნების და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს რომ გადააქციონ საქართველოს ტერიტორია არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის სივრცედ.
საქართველო არ უნდა გახდეს მორიგი მსხვერპლი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების, და ჩვენ დღეს ამ საფრთხეს ისევ ვგრძნობთ.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ საფრთხეებს ხედავდნენ საპრეზიდენტო მარათონის მონაწილეებიც. საუბარია პირველ რიგში ქალბატონ ნინო ბურჯანაძეზე და გიორგი მარგველაშვილზე. საპრეზიდენტო კამპანია ეს არ არის მხოლოდ სარეკლამო კამპანია ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ საზოგადოებამ დავიცვათ თავი ახალი საფრთხეებისგან და გამოწვევებისაგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მოსაზრებები ამის შესახებ იმიტომ რომ ერთ-ერთ გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ნატო-ს და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა კავკასიასთან და საქართველოსთან მიმართებაში უნდა წარიმართოს სხვა რეჟიმში. მან ასევე წარმოადგინა მეტად საინტერესო იდეა ამ ფორმატით საქართველოში ერთობლივი კონფერენციის ჩატარების. სამწუხაროდ, ეს იდეა დაიკარგა წინასაარჩევნო საინფორმაციო სივრცეში. არა და მეტად მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის ახალი თავდაცვითი პოლიტიკური სისტემების შექმნაზე ზრუნვა. არსებული სისტემები ჩვენს უსაფრთხოებას ვერ იცავენ - ეს რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით.
სხვის იმედზე ნურავინ იქნება. ყველას გააჩნია საქართველოში საკუთარი ინტერესი. საქართველოს უსაფრთხოებაზე უნდა პირველ რიგში ვიფიქროთ ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებმა.
კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი
ალექსანდრე რუსეცკი