ასოციაცია "ხალხი ხალხისათვის" კერძო იპოთეკარებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ იპოთეკური სესხების გაცემის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის.
როგორც დღეს, ასოციაცია "ხალხი ხალხისათვის" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ქებურიამ "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იპოთეკური სესხი გრძელვადიანია და მინიმუმ 10 წლის ვადით გაცემას ითვალისწინებს. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაშვებული იქნა კაბალური კანონი, როდესაც მოქალაქეებთან სამთვიანი ხელშეკრულებები ფორმდებოდა. მათი უძრავი ქონება იტვირთებოდა, რის შემდეგადაც, ხალხს ქონება ერთმეოდა.
ქებურიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის "უმრავლესობის უმრავლესობა" შემჩნეულია ყოფილი რეჟიმის "ნაციონალური მოძრაობის" სიმპტომებში. მისივე თქმით, პროცესის შეჩერება და გაყინვა მორატორიუმის გამოცხადებით არის შესაძლებელი, თუმცა ქებურიას განცხადებით, სამწუხაროდ, პარლამენტარ გედევან ფოფხაძის მიერ შემუშავებული ინიციატივა მორატორიუმის გამოცხადების შესახებ საშემოდგომო სესიაზე იქნა გადატანილი, რაც მისი შეფასებით უპასუხისმგებლო ქმედებაა.
"მანამ, სანამ პარლამენტის წევრები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს დასასვენებლად იმყოფებიან კურორტებზე, კიდევ ასობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. ეს არის ჩვენს კისერზე. ამიტომ ასოციაცია "ხალხი ხალხისათვის" პარლამენტს უჩვენებს ყვითელ ბარათს", - განაცხადა გიორგი ქებურიამ და საქართველოს პარლამენტს ყვითელი ბარათი უჩვენა.
მისი თქმით, ეს არის ხალხისაგან გამოხატული გაფრთხილება და მათ მეორე ყვითელი ბარათი მიეცემათ, თუკი მორატორიუმი დაუყოვნებლივ არ გამოცხადდება. ქებურიას განცხადებით, აუქციონზე გასაყიდად არა ხალხის ქონება, არამედ საჯარო მოხელეების ასიათას ლარიანი ჯიპები უნდა გადიოდეს. მისივე ინფორმაციით, 2013 წლის პირველ კვარტალში, 3 თვის მანძილზე 80 მილიონი ლარის ქონება იქნა მითვისებული ბანკების მიერ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხის 60 მილიონი ლარი მითვისებული აქვს "საქართველოს ბანკს", რის გამოც ასოციაციამ "საქართველოს ბანკს" წითელი ბარათი უჩვენა.
"საქართველოს ბანკი" არის დამნაშავე წინა ხელისუფლების მიერ წაქეზებული და მონოპოლიზებული ბანკი, რომელსაც ასოციაცია ისევე აფასებს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს", - განაცხადა გიორგი ქებურიამ.
ამასთან, ასოციაცია "ხალხი ხალხისათვის" თავმჯდომარემ ვილებრორდუს ვან დერ ვეიდმა წითელი ბარათი უჩვენა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასოციაცია კვირის ბოლო სასამართლოში წინა ხელისუფლებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ სარჩელის შეტანას აპირებს. მათი თქმით, არ შეიძლება, რომ ადამიანმა სესხი აიღოს და სამ თვეში ქონება დაკარგოს.
ამასთან, ასოციაციამ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ გამართოს დაუყოვნებლივ სესია და დაზარალებულ ხალხს დაეხმარონ.