ყოფილი "მხატვრის სახლის" ადგილზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება

კულტურის სამინისტროში დღეს ყოფილი "მხატვრის სახლის" ადგილას განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება.როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, რუსთაველის გამზირზე შპს "მაგთის" მიერ წარმოდგენილი სახვითი ხელოვნების მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც თბილისის მერიაში არსებული საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტით ხდება.

"ტერიტორიაზე, რომელიც შემოფარგლულია დასავლეთით რუსთაველის პროსპექტის ერთი მონაკვეთით, ჩრდილოეთით ჯორჯაძისა და სამხრეთით გუდიაშვილის ქუჩებით, უნდა აშენდეს ბეტონის კონსტრუქციის, მსხვილმასშტაბიანი სამი ნაგებობა - სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ერთიან მრავალფუნქციურ კომპლექსში მოაქცევს კომერციული და კულტურული დანიშნულების სამ ნაგებობას - მუზეუმს, გესთჰაუზსა და არტჰაუზს. პროექტის მიხედვით, ასაშენებელი ნაგებობა მაღალი მანსარდით დასრულებული ხუთსართულიანი იქნება, რუსთაველის პროსპექტის მიმართ გრძივად განვითარებული სივრცითი სტრუქტურა, მასშტაბი და ზომა-წონა არ შეესაბამება პროსპექტზე მდებარე, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა თუ XX საუკუნის დასაწყისის სხვადასხვა მონაკვეთში აგებულ, მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეულ შენობებს. მიუღებელია აგრეთვე დაპროექტებული ფასადის არქიტექტურული მორთულობა. გასათვალისწინებელია, რომ შოთა რუსთაველის პროსპექტის განაშენიანებას ქრონოლოგიურად და სტილისტურად განსხვავებული ნაგებობები ქმნის და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძეგლის სტატუსის მქონეა. იგივე შეიძლება ითქვას, პროექტის იმ ნაწილზე, რომელიც გუდიაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩებზე მიემართება", _ განმარტავენ კულტურის სამინისტროში.

ამასთან, შეხვედრა დახურული იქნება, რომლის შემდეგაც მედიისთვის კომენტარები გაკეთდება. სამინისტროს განმარტებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე განაშენიანებაში ყოფილი თბილისის სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობას (არქიტ. ოტო იაკობ სიმონსონი, 1865-1867) მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. აღნიშნულ ნაგებობას საბოლოო სახე არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა შესძინა, რომელმაც სიმონსონისეული ორსართულიანი შენობა 1895 წელს სამსართულიანად გადააკეთა, რის შემდეგაც იქ სასტუმრო "ორიანტი" განათავსეს. საბჭოთა დროს შენობაში სასტუმრო ინტურისტი, ბოლო დროს კი მხატვრის სახლი იყო განთავსებული. ნაგებობა, როგორც ცნობილია, 1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარ თბილისის ომს ემსხვერპლა.

განადგურებული შენობის გარე კედლები დიდხანს იდგა ხელუხლებლად, სავარაუდოდ, 1992 წლის ბოლოს კი ნაგებობა დაანგრიეს. დანგრევას წინ უსწრებდა ძეგლთა დაცვის სპეციალისტების მიერ დეტალური ანაზომის გაკეთება იმედით, რომ შენობა აღდგებოდა და რუსთაველის პროსპექტსა და ქალაქს ნეო რენესანსულ-ბაროკული სტილის ისტორიულ-არქიტექტურული და ურბანული ღირებულების ნაგებობა შეუნარჩუნდებოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია