28.08.2013

ლაფანყურის სპეცოპერაციის წლისთავი - რატომ არ ახმაურებენ დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის შედეგებს: "გამომძიებლები მეუბნებიან, ისეთ რამეს გაიგებთ, გაოცდებითო..."

მუსლიმთა საბჭო: მინარეთი უნებართვო იყო, მაგრამ ნებართვის აღება არ დაგვცალდა... "მძიმე შედეგს მოიტანენ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ ქრისტიანული საქმე შესაძლებელია უსამართლობითა და ძალადობით გაკეთდეს"

ვინ გააყალბა დოკუმენტაცია საყდრისის მაღაროების შესახებ?

* * *

ლაფანყურის სპეცოპერაციის წლისთავი - რატომ არ ახმაურებენ დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის შედეგებს: "გამომძიებლები მეუბნებიან, ისეთ რამეს გაიგებთ, გაოცდებითო..."

"2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია პანკისში, სოფელ დუისის სასაფლაოზე მიმდინარე წლის 8 მაისს ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ექსპერტიზისათვის საფლავებიდან ამოიღეს მოკლული ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვისა და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები. ექსჰუმაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით მიიღო. სპეცოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრები საკუთარი ტრადიციებისა და რჯულის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სიმართლის დადგენის იმედით დათანხმდნენ გვამებისთვის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევას. ლაფანყურის ოპერაციის ხელახალი გამოძიება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების საქართველოს შსს-თან კავშირზე ილაპარაკა. მას შემდეგ საკმარისზე დიდი დრო გავიდა და არც შსს და არც პროკურატურა ექსპერტიზის პასუხებს არ ახმაურებს. "ყველა სიახლე" დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის აეხდება საბოლოოდ ფარდა ლაფანყურის ტრაგედიას, რომლის გახსნაც სახელმწიფოსთვის პრესტიჟის საქმედაც კი იქცა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "რატომ არ ახმაურებენ ლოპოტაში დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის შედეგს / "გამომძიებლები მეუბნებიან, ისეთ რამეს გაიგებთ, გაოცდებითო".

"გამოძიება მიმდინარეობს და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაციები მჟღავნდება. ამის გამოძიება არც ისე იოლია, ერთ ან ორ თვეში რომ გამოიძიონ. გამომძიებელს ეს საქმე მომხდარიდან სამი თვის შემდეგ ნულიდან აქვს დაწყებული, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაციის ავტორებმა ყველა კვალი წაშალეს. მირჩევნია, გამოძიება გაიწელოს და ყველაფერი, რა მოხდა და როგორ მოხდა, ზუსტად გავიგოთ. გვამების ექსპერტიზა დასრულდა და დასკვნაც დაიდო, მაგრამ ჯერჯერობით მისი გამჟღავნება არ სურთ, არც მე მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას და დეტალებზე ვისაუბრო. ვიკითხე, რატომ ჭიანურდება გამოძიება-მეთქი და დამაიმედეს, რომ ის უახლოეს ხანში დასრულდება. მითხრეს, რომ აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასზე მუშაობენ. სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სამ-სამი და ოთხ-ოთხი სამხილი არსებობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაფანყურის სპეცოპერაციისას მოკლული ასლან მარგოშვილის მამა მერაბ მარგოშვილი.

"თვითონ თუ რამეს მეტყვიან, თორემ მე არავის არაფერს ვეკითხები. არც ის მინდა, ჩემგან გაჟონოს ინფორმაციამ. გამომძიებლები მეუბნებიან, მალე ისეთ რამეს გაიგებთ, გაოცდებითო. გამოძიებამ რა იცის, ვერ გეტყვით, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს ამ საქმეზე. დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოტყუებით ჩამოიყვანეს ევროპიდან ქისტი და ჩეჩენი ბიჭები, უთხრეს, კორიდორს მოგცემთ, გაგატარებთო. ხელისუფლება შეეცადა, ისინი არჩევნებში თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მაშინ დაგეგმეს ეს ოპერაცია, რათა არჩევნების წინ ქულები ჩაეწერათ და ეჩვენებინათ, აი, რა ძლევამოსილი პრეზიდენტი გვყავსო. ვფიქრობ, ამ საქმეში მაღალი რანგის ჩეჩნებიც არიან გარეული - ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ხალხს ვგულისხმობ", - დასძენს მერაბ მარგოშვილი და შეკითხვას - "მათ რა მიზანი ამოძრავებდათ?" - პასუხობს:

"ისინი და ძველი ხელისუფლება ხომ დიდი ხანია, ერთად არიან. მათ ვაჰაბიტებთან საერთო ენა გამონახეს, ფულს იყოფდნენ... ლაფანყურში დაღუპული ბიჭების ცოდვა პრეზიდენტის, შს მინისტრს, გია ლორთქიფანიძისა (შს მინისტრის ყოფილი მოადგილე) და ანტიტერორისტული ცენტრის კისერზეა, ძირითადად, მათ ხელში იყო ის ხალხი. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მას თავისი წილი ბრალი აქვს, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, მანამდე ალბათ ლაფანყურის საქმეზე ბრალს არ წაუყენებენ. ვანო მერაბიშვილს არ უნდოდა ამ სპეცოპერაციის თავის თავზე აღება, მოიყვანეს ყველაფრის მკისრებელი ახალაია და მისი მინისტრობის პერიოდს დაემთხვა ეს საშინელი ამბავი".

"ლაფანყურის საქმეზე საბოლოო დასკვნა არ დაიდება, რადგან მისი გამოძიებით არავინაა დაინტერესებული. რატომ აჭიანურებენ და გაჰყავთ დრო, ხალხს რატომ აღიზიანებენ? ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი მოიტანოს. ჩვენ, კანონიერი ხელისუფლება, რომლებიც ჩართული ვართ ამ საქმეში, ხალხს ვაჩერებთ, აი, ახლა გაირკვევა სიმართლე, აი, ახლაო. არ შეიძლებოდა ამ საქმის შსს-სთვის ჩაბარება, ვინაიდან ლაფანყურის სპეცოპერაციის ორგანიზატორი ეს სამინისტრო იყო. არის კი ის სიმართლის დამდგენი? მისი ხელმძღვანელობა კი შეიცვალა, მაგრამ ის პირები, ვინც სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართული, არ შეცვლილან, კვლავ თანამდებობებზე არიან", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრი მათე ციხესაშვილი.

მუსლიმთა საბჭო: მინარეთი უნებართვო იყო, მაგრამ ნებართვის აღება არ დაგვცალდა... "მძიმე შედეგს მოიტანენ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ ქრისტიანული საქმე შესაძლებელია უსამართლობითა და ძალადობით გაკეთდეს"

"26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მოახდინა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს 19 ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით 400-ლარიანი ჯარიმებით გაათავისუფლეს. შემოსავლების სამსახურში კი დემონტაჟის აუცილებლობა საბაჟოზე დაშვებული შეცდომითა და სასაქონლო ექსპერტიზის აუცილებლობით ახსნეს. სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა საბჭო აღიარებს, რომ მინარეთი სოფელ ჭელას მეჩეთთან უნებართვოდ იყო აგებული, თუმცა საბჭოში ამბობენ, რომ ეს არ იცოდნენ და როგორც კი შეიტყვეს, უმალ ნებართვის აღებაზე დაიწყეს ზრუნვა, თუმცა ეს არ დასცალდათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მუსლიმთა საბჭო: მინარეთი უნებართვო იყო, მაგრამ ნებართვის აღება არ დაგვცალდა.

"იმხელა მეჩეთი დგას და იმის ნებართვა არ არსებობს. ჩვენ რა ვიცოდით, თუ მინარეთს ნებართვა უნდოდა. კი ბატონო, ვაღიარებთ, რომ მისი დადგმა უკანონოდ მოხდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს დემონტაჟი სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო?! ასე რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდით. სასამართლო კი არა, სპეცრაზმი შემოუშვეს ამის დასაშლელად - ვერტმფრენები და სპეცრაზმი შემოიყვანეს, გეგონებოდათ ბინ-ლადენის დასაკავებლად მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. ყველა გზა ჩაკეტილი იყო, რასაც პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. ოცამდე ადამიანი დააპატიმრეს და მოგვიანებით, ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, ჯარიმებით გამოუშვეს... მინარეთის დადგმის შემდეგ გამგეობიდან წერილი მოგვივიდა და ამასთან დაკავშირებით პროექტის წარდგენა გვთხოვეს, ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვქონდა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით განცხადება დავწერეთ, მაგრამ ეს არ დაგვცალდა," - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სულიერი ლიდერი მამუკა ვაშაყმაძე.

"დაახლოებით ერთი თვის წინ მეჩეთის წინამძღვარ ჯამბულ აბულაძესთან ერთად დავუკავშირდით თურქულ კომპანია "დემირ ჩილექს", რომელიც მინარეთებს აშენებს და მათი დამზადება ვთხოვეთ. შემდეგ თურქეთიდან ჩამოვიდნენ ოსტატები დათვალიერეს ადგილი, ნახეს, რა სიმაღლის უნდა დაემზადებინათ და უკვე 14 აგვისტოს საქართველოში შემოიტანეს. ორი-სამი დღის განმავლობაში, რაღაც პატარა-პატარა სამუშაოები ჩაუტარდა და 18 აგვისტოს დილით მინარეთი უკვე მზად იყო. ეს არის 22 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია, ძალიან მსუბუქი და მყარი. ამის შემდეგ კი მოგვიანებით დაგვიკავშირდა შემოსავლების სამსახური - გვითხრეს, რომ მინარეთის შემოტანასთან დაკავშირებით საბაჟოზე რაღაც შეცდომა მოხდა და ამასთან დაკავშირებით მოკვლევა უნდა დავიწყოთო. სიმართლე გითხრათ, რა შეცდომაზე იყო საუბარი, ვერ გავიგეთ, თუმცა ვუთხარით, რომ კი ბატონო მობრძანდით, გამოიკვლიეთ-თქო", - დასძენს მამუკა ვაშაყმაძე.

"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში. ეს კი დემონტაჟს არ ნიშნავს და მით უმეტეს, ამ ფორმით. ეს იგივეა, რომ შემოიტანო არმატურა, გააკეთო კარკასი და შემდეგ შემოსავლების სამსახურმა იმ მოტივით, რომ განბაჟებისას თავის დროზე რაღაც შეცდომა დაუშვეს, ნაგებობა დაანგრიოს. შემოსავლების სამსახურს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის უფლება არ ჰქონდა - მით უფრო, რომ ის იყო საკულტო ნაგებობა და ეს უკვე კონსტიტუციის დარღვევასაც იწვევდა", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების მენეჯერი გია გვილავა.

"შემოსავლების სამსახურის განცხადებაში მოყვანილ განმარტებას "ღრმა ტყუილს" უწოდებს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე. "ღრმა ტყუილი - მინარეთის მეტალოკონსტრუქციის შემოტანისას შესაძლებელია იყოს გადასახდელი ორი გადასახადი - დღგ და საბაჟო. ვინაიდან ეს მეტალოკონსტრუქცია თურქეთიდან შემოვიდა და ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საბაჟო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს. რაც შეეხება დღგ-ს, ვინაიდან მეჩეთის აგება საგადასახადო თვალსაზრისით ინვესტიციაა, საბაჟოზე გადახდილი დღგ უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს ანუ, ფაქტობრივად, საბოლოო ჯამში დღგ ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ არასწორი დეკლარირებით საგასახადო დანაშაული ვერ მოხდებოდა", - დასძენს გამოცემა.

"მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მინარეთის დემონტაჟი საბაჟო პროცედურების აუცილებლობას დააბრალეს, მაგრამ ცხადია, ეს არ ყოფილა მიზეზი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამის თქმა კატეგორიულად შეიძლება! მიზეზი სხვაა. როგორც ჩანს, ვიღაცას მართლა წარმოუდგენია, რომ საქართველო შეიძლება იყო სტერილურად მონოეთნიკური და მონორელიგიური სახელმწიფო. ამას კიდევ არა უშავს - როცა ამ სახელმწიფოებრივ იდეალს ძალადობით ახორციელებენ, მაშინ უკვე ნება მიბოძეთ, ეჭვი შევიტანო მოძალადეთა კეთილ ზრახვებში", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ფირალიშვილი: რელიგიურ ნიადაგზე პროვოკაცია სისტემურ ხასიათს იძენს.

"განა აშკარა არ არის, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ "გულმხურვალე პატრიოტიზმს"?! ღმერთმა დაგვიფაროს და შედეგი იქნება მუსლიმი მოსახლეობის ურთიერთშეკავშირება მოძალადეთა წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის როლში ჩვენ ყველანი, ქრისტიანი ქართველები შეიძლება აღმოვჩნდეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მივაღწევთ იმას, რომ დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს ისინი არ ჩათვლიან თავიანთ სახელმწიფოდ - ანუ ჩვენ თავადვე შევქმნით ნაყოფიერ ნიადაგს ათასი ჯურის რადიკალური ისლამიტური დაჯგუფებებისთვის. აღარაფერს ვამბობ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების გაფუჭებაზე. მთელ გარემოცვაში კეთილი მეზობელი აღარ შეგვრჩება. მოკლედ, მძიმე შედეგს მოიტანენ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ ქრისტიანული საქმე შესაძლებელია უსამართლობითა და ძალადობით გაკეთდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

"არადა, თითქოს არაერთხელ ვნახეთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ ხისტ დაპირისპირებას და ქვეყნის სტრატეგიად ნაციონალურ-მისტიკური უტოპიების გამოცხადებას. 90-იანი წლების დასაწყისში თუ ამას ქვეყნის მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება მოჰყვა, თავისი 2008 წლის სავალალო შედეგებით, ახლა ამას უკვე რელიგიური ნიშნით დაყოფა მოჰყვება. ყველაზე საეჭვო ხალხი, როგორც წესი, ის "გულმხურვალე პატრიოტები" არიან, რომლებისც ხელის ერთი დაკვრით გვთავაზობენ პრობლემის მოგვარებას და არსად და არასდროს არსებული საქართველოს აღდგენისკენ მოგვიწოდებენ", - დასძენს ზაზა ფირალიშვილი და შეკითხვას - "ვინ შეიძლება იდგეს ამ პროცესების მიღმა?" - პასუხობს:

"ნებისმიერი, ვისაც ხელს არ აძლევს სტაბილურობა ქვეყანაში. მათ შორის შეიძლება იყოს ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი, რომელიც გაღვივებული საზოგადოებრივი ვნებათაღელვის ტალღაზე ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას თუ ძალაუფლების დაბრუნებას. არ გაგიკვირდეთ, ჩვენ უკვე ბევრჯერ ვნახეთ, როგორი მზაობით მიდის ჩვენი ზოგი პოლიტიკოსი ნებისმიერ სისაძაგლეზე, ოღონდ კი საკუთარ კარიერულ წარმატებას მიაღწიოს. ამ ძალებს შორის შეიძლება ვიგულისხმოთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც, ვისთვისაც ქართული სახელმწიფოებრიობა ისტორიული ნონსენსია და უკვე მერამდენე წელიწადია, ჩვენს დაქუცმაცებასა და მუსლიმ მეზობლებთან დაპირისპირებას ცდილობს. არ უნდა დავივიწყოთ რადიკალური ისლამიტური დაჯგუფებებიც, რომლებისთვისაც მომაკვდინებელია ქართველი ქრისტიანებისა და მუსლიმების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამათ დავუმატოთ ჩვენი შინნაზარდი სტრატეგოსებიც, რომლებსაც არ ესმით და არც სურთ გაიგონ, რომ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული ძალადობა ათმაგად შეიძლება შემოგვიბრუნდეს და რელიგიური ნიშნით სახელმწიფოს შექმნა ჩვენს დროში მის სრულ იზოლაციას გამოიწვევს".

ვინ გააყალბა დოკუმენტაცია საყდრისის მაღაროების შესახებ?

"ეს მაღაროები განეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულს - ანალოგიური მაღაროები მსოფლიოში ჯერ აღმოჩენილი არ არის. ეგვიპტის მაღაროებს ათასი წლით უსწრებს წინ ბოლნისის მაღაროები - აქ არის კაცობრიობის განვითარების პირველი ნაშთები, ნაპოვნია ათი ათასობით სამუშაო იარაღი. ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ცნობილი, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ საჭიროდ არ მიიჩნია მისი გახსნა და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა... 2004 წლიდან უკვე დაიწყო არქეოლოგიური და გეოლოგიური კვლევა. ამჟამად მიმდინარეობს ოქროს მოპოვება რუსულ-ქართული რაღაც ნაჯვარი კომპანიის მიერ, რომელიც ფაქტობრივად გაურკვეველი წარმომავლობისაა და არასასიკეთო საქმეს აკეთებს, რადგან გადაწყვეტილი აქვს, დაინგრეს ეს საბადოები და მოიპოვონ ოქრო. იქიდან გამომუშავებული ოქრო იმდენს არაფერს წარმოადგენს, რამდენადაც ძეგლის ღირებულება მსოფლიო ცივილიზაციისა და საქართველოსთვის", - აცხადებს მეცნიერებათა აკადემიის მთიანეთის განვითარების ფორმირებათა შემსწავლელი ცენტრის კომისიის წევრი, დოქტორი მირონ ფირცხელანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ გააყალბა დოკუმენტაცია საყდრისის მაღაროების შესახებ?

"ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ძეგლი და მას იცავს არა მარტო საქართველოს კანონმდებლობა, არამედ იუნესკო თუ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციები, მუზეუმთაშორისი გაერთიანებები, რომელთა კანონმდებლობის დარღვევა საქართველოს არაფერში წაადგება. ამ წიაღისეულს იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი, ვინც დამუშავების ლიცენზიას აიღებს, ვალდებულია განსაკუთრებით გაუფრთხილდეს კულტურის ძეგლებს და თუ ასეთი რამ აღმოჩნდა, აცნობოს და მიიღოს შესაბამისი განმარტება სახელმწიფო ორგანოებისგან. ნაცვლად ამისა, გვაქვს ასეთი ფაქტი - ოქროს მომპოვებელი კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ ძეგლი დაინგრეს, მათ ოფიციალური მიმართვა შეიტანეს მთავრობაში, რომელიც საბაბი გახდა ამ ძეგლისთვის "უძრავი ძეგლის" სტატუსის გაუქმებისა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირონ ფირცხელანი.

"კომისიაში, რომელიც კულტურის სამინისტროში შეიქმნა, ძირითადად თავმოყრილი იყვნენ "ერ-ემ-ენ-ჯი გოლდის" პარტნიორი და მათ მიერ დაკომპლექტებული კომისიის წევრები. სამწუხაროდ, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომით შეადგინეს დოკუმენტი, რის საფუძველზეც დასკვნა მიიღეს. კერძოდ, თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ეს არ არის ოქროს საბადო, არამედ მცირედი სპილენძის მოპოვებაა და ღირებულს არაფერს წარმოადგენს, ხოლო დასკვნით ნაწილში ამტკიცებდნენ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საბადოა, რომ მისგან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისო. თუმცა აქაც კითხვის ნიშნები ჩნდება, რადგან იქიდან საქართველოში ძალიან მცირე გადასახადი შემოდის - ძირითადად ეს იმ რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადის და უშველებელ მოგებას ნახულობენ. ამდენად, კულტურის მინისტრმა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა იმან, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ამ ძეგლისთვის "უძრავი ძეგლის" სტატუსის მოხსნის შესახებ ხუთ დღეში მიიღო", - დასძენს მირონ ფირცხელანი.

"კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის, არქეოლოგიის ცენტრის, ხელოვნებათმცოდნეების თუ პოლიტიკური და არაპოლიტიკური საზოგადოებების მიერ, ვინც საღად აზროვნებს, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ადგილზე - საყდრისში. გერმანელმა და ინგლისელმა მეცნიერებმა ჩვენს თვალწინ წარმართეს ყველა ის პროცესი, რითაც ჩვენი წინაპრები 4 ათასი წლის წინ ოქროს ადნობდნენ. გაახურეს 800 გრადუსამდე კლდე და წყლის ჭავლის გამოყენებით შედარებით იოლად დაანგრიეს მაშინდელი იარაღებით ანუ ქვის უროებით, შემდეგ დანაყეს, დაფქვეს და ბოლოს წყლის მეშვეობით გამოაცალკევეს ოქროს ნაწილაკები - ასე გაბათილდა იმ კომისიის დასკვნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იქ ოქრო არ არის!" - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ამ პროცესს ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები?" - პასუხობს:

"ესწრებოდა კომისიის ძირითადი შემადგენლობა და კულტურის მინისტრის მოადგილე მიზანდარი. იქაც უხეში ფორმებით ცდილობდნენ და საერთოდ, უხეში ფორმა აქვთ აღებული, როგორმე პიროვნებები დააშინონ. მათ შორის ისინი, ვინც იქ მუშაობენ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როცა გერმანელი პროფესორი პრეზენტაციას მართავდა და ახსნა რეალობა - მას აბრალებდნენ, რომ ტყუილ მტკიცებულებებს აკეთებდა. ორიოდე დღის წინ გვქონდა შეხვედრა უშუალოდ მინისტრთან და მოადგილეებთან. არქეოლოგები, გეოლოგები - ისინი, რომლებმაც შეისწავლეს ქანები და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს, ადასტურებენ, რომ იმ კომისიის დასკვნა ახლოს არ დგას ამ ზუსტ მონაცემებთან. ფაქტია, რომ კომისიამ შეადგინა ყალბი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ეს არის არა ის მაღაროები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულის ცივილიზაციის შედევრს წარმოადგენს, არამედ უბრალო რაღაცას, სადაც ოქრო მოიპოვება და უნდა დამუშავდეს".

"მეორე საკითხი, რასაც აყენებენ არის ის, რომ ძეგლი მოძრავი უნდა გახდეს - ანუ დაიშალოს კლდე, ქანები და სადღაც გადავიდეს. რა დარჩება იქიდან? ეს მთლად მიუღებელია, მსოფლიოში ანალოგი არ მომხდარა. თუკი ამას დავანგრევთ, ეს იქნება ცივილიზაციის ერთ-ერთი დიდი წყაროს მოსპობა. ეს არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ მსოფლიო საზოგადოების საკუთრებაა და ვინმეს კერძო ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ისე დაჟინებით ითხოვს რუსული კომპანია ამის დანგრევას, არის მოსაზრება, რომ ეს კეთდება არა მხოლოდ ოქროს მოპოვების სურვილით, არამედ სურთ წაიშალოს კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების პირველი ნაშთები საქართველოში, რასაც მერე ვეღარავინ დაამტკიცებს. ჩვენ მივმართეთ ღია წერილით პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. იმედი გვაქვს, მთავრობა და პარლამენტი ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ არადა, მოსახლეობა, საზოგადოება გამოვა ქუჩაში. კი არავის ვაშინებთ - უბრალოდ, სხვა გზას არ გვიტოვებენ. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ამის დათმობა არაფრით შეიძლება", - დაასკვნის მირონ ფირცხელანი.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა