16.09.2013

მამუკა არეშიძე - "ბიძინა ივანიშვილს ატყუებენ! გარემოცვის წევრები ინფორმაციას ხშირად სპეციალურად უმალავენ..."

სანდრო ბრეგაძე: რესპუბლიკური პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო გადატრიალებისთვის ემზადებიან!

"ძალიან კარგად ვისვრი და ერთი "სტეჩკინის" შოვნა არ არის პრობლემა... არა მარტო პროკურორებს, სხვებსაც გავიყოლებ" - ვიცე-პოლკოვნიკი ქეთი ზარნაძე

* * *

მამუკა არეშიძე - "ბიძინა ივანიშვილს ატყუებენ! გარემოცვის წევრები ინფორმაციას ხშირად სპეციალურად უმალავენ..."

"ძნელი სათქმელია, რა შინაარსისაა პატარკაციშვილის ოჯახსა და ყოფილ მაღალჩინოსანს შორის გარიგება. ასეთი დოკუმენტები უნდა გასაჯაროვდეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რა სახის შეთანხმებები ფორმდებოდა, თორემ მოსახლეობა უკვე დაბნეულია - ერთი მხრივ, გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაული, მეორე მხრივ კი კოაბიტაცია. თუმცა, ეს უკვე კოაბიტაცია აღარ არის, სიმბიოზია - ანუ თანაცხოვრება კი არა, ერთად ცხოვრება. პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულები იჩქმალება. ხალხი აღშფოთებულია და რაც მთავარია, უკვე ბრაზდება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხალხი აღშფოთებულია და რაც მთავარია, უკვე ბრაზდება" / "ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კოალიციაში ბევრს გაუხარდება" .

"სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურების მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, დასავლეთის ზეწოლა იყო, რათა დაწყებულიყო კოაბიტაცია და ზოგიერთ მაღალჩინოსანს პრობლემები არ შეჰქმნოდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა, რათა პროკურატურის ჩინოსნებს პროფესიული უნარ-ჩვევები დაევიწყებინათ და ხელისუფლების ხელში ბრმა იარაღად გადაქცეულიყვნენ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პროკურორების ტოტალური არაპროფესიონალიზმი. "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ბევრმა წევრმა, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულმა, თავისი დანაშაულის მიჩქმალვა "იყიდა" თანაპარტიელებისა და მეგობრების ჩაშვებით - ზოგიერთმა ფაილებით სავსე ჩემოდნები გადასცა ახალ ხელისუფლებას, ზოგმა თავისი აუცილებლობა "დაუმტკიცა" მთავრობას და ა.შ." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, რომელმაც ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, "ბავშვია" ისეთ პირებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, მისი ყოფილი მარჯვენა ხელი, დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი, კახა ბუცხრიკიძე და ბევრი სხვა. ასეთივე პირები არიან მოკალათებული შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში, სადაც დღემდე მუშაობენ ის პირები, რომელთაც უზარმაზარ თანხად უვარგისი იარაღი აყიდვინეს სახელმწიფოს და შემდეგ ამ იარაღის გარემონტებაში ისევ ფული გააკეთეს. ასეთი ადამიანები სიმბიოზის რეჟიმში არიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. შესაბამისად, ხალხის კითხვა: რატომ? გაოცებას კი არა, უკვე გაბრაზებას გამოხატავს. ამიტომაც საქმეს ვეღარ უშველის განცხადებები, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ კოაბიტაცია დასრულდება, ისე არიან გადაჯაჭვული ერთმანეთზე ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. "ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა წარმომადგენელმა თავი იმით გადაირჩინა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიაში გაერთიანდა. მაგალითად, კონსერვატიული პარტია გადავსებულია ყოფილი "ნაციონალებით" და მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს - ყველა გარდაბნელი "ზონდერი" ამ პარტიაში გაწევრდა. სწორედ ამას ჰქვია სიმბიოზი და ასე ცხოვრობს დღევანდელი ხელისუფლება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, რომელიც პრობლემას ვერ მოერევა. პრემიერმა რომ მოინდომოს, ქვას ქვაზე არ დატოვებს. საქმე ის არის, რომ ივანიშვილს მართლაც არ აქვს ინფორმაცია და ხშირად სპეციალურადაც უმალავენ. მას ვატყობ, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ ასეთ კონტინგენტთან ექნებოდა საქმე. იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" კონკრეტული წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული წარმომადგენლის ფარი კი არა, მეწილეა, სამართლიანობის აღდგენა აღარ გამოვა. გარემოცვის წევრები თავად ივანიშვილს ატყუებენ. პრემიერმა ამას წინათ განაცხადა, ბიზნესსექტორში სამართლიანობის აღდგენა ურთულესი რამ არის და ეს შესაძლოა, არ გამოგვივიდესო. პრემიერმა ეს იმიტომ თქვა, რომ გარემოცვის წევრები ეუბნებიან, თითქოს წართმეული ქონების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება ბიუჯეტს უმძიმეს ტვირთად დააწვება. რასაკვირველია, განსაზღვრული კატეგორიის ქონების მფლობელისთვის დაბრუნება ბიუჯეტს ტვირთად დააწვება, მაგრამ რა უშლის ხელს, რომ წართმეულის დიფერენცირება მოხდეს?! რა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს ის მაღაზია ან მიწის ნაკვეთი, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალებმა" ერთ პირს წაართვეს და მეორეს აჩუქეს? ან ავტომანქანების დაბრუნებას რად უნდა ამდენი ლაპარაკი? სურვილი იყოს და ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ვიმეორებ - ივანიშვილს ატყუებენ", - მიიჩნევს ექსპერტი.

"იმედია, პრემიერი სიმართლეს გაიგებს. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის წასვლა-არწასვლას - ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ცვლიან, ასე რომ, პოლიტიკიდან აუცილებლად წავა, თუმცა შესაძლოა, არცთუ ისე შორეულ მომავალში დაბრუნდეს კიდეც. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" თანდათან მძლავრობს რევანშის აღების სურვილი და არ არის გამორიცხული, მათ ამის გაკეთება სცადონ. "ქართული ოცნებისა" და სახელისუფლებო პიარის ტოტალური დეფიციტის გამო "ნაციონალებმა" ასე თუ ისე მოახერხეს სათავისო განწყობის შექმნა. უკვე ისმის საზოგადოებაში, ასეთი რამ "ნაციონალების" დროს არ მოხდებოდაო. უპირველესად გულისხმობენ ნარკოაფეთქებას, რაც წინა წლებში არ ხდებოდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ამას საგანგებოდ აკეთებს, აბა, საიდან გაჩნდა უცბად ამდენი ნარკოტიკი და ნარკოდილერი? ეს ჩემი გამოსაძიებელი არ არის, ამას სამართალდამცველებმა უნდა მიხედონ. ძალოვან სტრუქტურებში იმდენად ძლიერია მეხუთე კოლონა, რომ შესაძლოა, სწორედ ისინი უწყობენ ხელს ასეთი ვითარების შექმნას", - დასძენს რესპონდენტი.

"სხვათა შორის, კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება. პრემიერს მართვის საკმაოდ მკაცრი ფორმა აქვს, მისი წასვლის შემდეგ კი კოალიციის წევრებს ხელს არავინ შეუშლის და ყველა შეეცდება, საბანი თავის მხარეს გადაქაჩოს. ამიტომ კარგი იქნება, კოალიცია მაისამდე მაინც თუ არ დაიშლება, თუმცა ერთიანობას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. სამწუხაროდ, ამას ისევ საქართველოს ინტერესები შეეწირება - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება მწვავე პოლიტიკური ბრძოლა, რაც უფრო გააღრმავებს სამეურნეო ქაოსს. მთელი ეს ბრძოლა კი გაიმართება გაცოფებული მაყურებლის თვალწინ - იმ ხალხს ვგულისხმობ, რომელიც ამაოდ ელის სამართლიანობის აღსრულებას. ამან კი შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს", - აცხადებს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "იმას გულისხმობთ, რომ შესაძლოა, გამწარებულმა ხალხმა თავად მოინდომოს სამართლიანობის აღდგენა?" - პასუხობს:

"სავსებით შესაძლებელია. მაგალითად, მე ვიცნობ კაცს, რომელიც დაიღალა ლოდინით და უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანა სპეცსადგომიდან თვითნებურად წამოიყვანა და ვერავინ ვერაფერი უთხრა. საქართველოს მოსახლეობის 25% სამართლის აღდგენას ითხოვს, პროკურატურასთან აპელირების რეჟიმი ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება და გადავლენ კატეგორიულ ქმედებებზე. სწორედ იმისთვის, რომ გაბრაზებულმა ხალხმა არც თავსა და არც სახელმწიფოს პრობლემა არ შეუქმნას, სამართლიანობის აღდგენის იმედი უნდა დაუბრუნდეს. ასეთი ტიპის შეხვედრა გაიმართა შაბათს სასტუმრო "საქართველოში" და დაფუძნდა ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობა", რომლის მთავარი ამოცანაა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გასაჯაროება, სამართლიანობის აღდგენა და მუდმივი პრესინგი ხელისუფლებაზე, რათა შეასრულოს ის, რისთვისაც ხალხმა აირჩია".

სანდრო ბრეგაძე: რესპუბლიკური პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო გადატრიალებისთვის ემზადებიან!

"ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწევს რუსეთთან მჭიდროდ დაახლოების პოლიტიკა და რუსეთის გავლენა გაიზრდება - ეს გამოწვეულია იმით, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერისა და ლობირების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოსახლეობის თვალში საკუთარი რეიტინგი გაინადგურა. კოალიციაში უკვე შეინიშნება შიდა რყევები თუნდაც საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიცია უახლოეს თვეებში დაიშლება და "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებაც ამ პერიოდს დაემთხვევა. მეტსაც გეტყვით - რესპუბლიკური პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო გადატრიალებისთვის ემზადებიან!" - აცხადებს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანდრო ბრეგაძე: რესპუბლიკური პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო გადატრიალებისთვის ემზადებიან!

"მოგეხსენებათ, რესპუბლიკური პარტიის მიერ წარმოებული ხელოვნური კოაბიტაციის შედეგად, დღეს საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, რაც დიდი ცოდვა და დანაშაულია სწორედ უსუფაშვილის მსგავსი პოლიტიკოსებისა, რომლებიც "ნაცმოძრაობის" გადარჩენას ქართული დემოკრატიის ამოცანად მიიჩნევენ! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტია და "ნაცმოძრაობის" ე.წ ლოიალური ფრთა შექმნიან პროდასავლურ ალიანსს და შეეცდებიან პარლამენტში თავიანთი უმრავლესობის შექმნას - ეს იქნება სწორედ გადატრიალება და რევანში. ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ არის გასამართავი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში ნაციონალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ და ავტომატურად განეიტრალდებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

"კოაბიტაციის დამთავრება, სამწუხაროდ, მარგველაშვილზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ რესპუბლიკელები, გია ხუხაშვილი და სხვა მსგავსი პერსონები გადაწყვეტენ ნაციონალებთან კოაბიტაციის დამთავრება-არდამთავრების დაკითხს. "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოპარული აქვს 19 მილიარდი დოლარი. ეს არის ნაღმი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთში აფეთქდეს, ამაზე კი პასუხისმგებლობა სწორედ იმ ადამიანებს დაეკისრებათ, რომლებმაც მკვლელებსა და ჯალათებთან კოაბიტაციის კურსი აირჩიეს", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"არსებობს ინფორმაცია, რომ "მასტერას", ახალაიას და მათი კლანის წევრებს საქართველოდან გატანილი აქვთ მაკომპრომეტებელი ფარული ჩანაწერები და ამით აშანტაჟებენ ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, ეს ხელოვნური კოაბიტაცია "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ამითაც არის გამოწვეული. იმის გამო, რომ ხელისუფლებაში ვიღაცებს მიქარული აქვთ მათ ამით აშანტაჟებენ, ამის გამო ქვეყნისა და ხალხის ინტერესები რატომ უნდა დაზარალდეს. ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებზეც ფარული ჩანაწერები არსებობს, კეთილი ინებონ და თანამდებობები დატოვონ!" - დასძენს სანდრო ბრეგაძე.

"ძალიან კარგად ვისვრი და ერთი "სტეჩკინის" შოვნა არ არის პრობლემა... არა მარტო პროკურორებს, სხვებსაც გავიყოლებ" - ვიცე-პოლკოვნიკი ქეთი ზარნაძე

"რომ დამიჭირეს, თუკი ვინმეს ჰქონდა ჩემთვის დარეკილი, ყველას ატერორებდნენ, ყველას იბარებდნენ და "ტისკავდნენ" - ანუ ამქვეყნად არავის იმედი არ უნდა მქონოდა და სულ მარტოს მტოვებდნენ... მახსოვს, რომ შემოცვივდნენ ჩემს სახლში, რაც ნახეს, მათ შორის ჩემი შვილების ნათლობის ჯვრები - ჯვარი დავადე მთელ მაგ ხროვას - ჩემი ქორწინების ბეჭედი, ჩემი ნივთები, რომელიც გატარებული მქონდა დეკლარაციაში, მეტსაც გეტყვით - სანახევროდ დაცლილი სუნამოებიც კი ჩაყარეს ტომარაში და წაიღეს - ეს უნდა ვაპატიო? მანქანაც წამართვეს, "მერსედესი", რომლითაც მერე მაგათი გამომძიებელი დაბრძანდებოდა და ისეთი შევუთვალე, დაანება მანქანას თავი და მეც არ ვიცი, რა უყვეს" - აცხადებს ციხიდან გათავისუფლებული ყოფილი პოლიტპატიმარი, შს სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი ქეთევან ზარნაძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვიცე პოლკოვნიკი ქეთევან ზარნაძე: "ავიღებ იარაღს ხელში, ჩავუსაფრდები ამათ პროკურატურასთან და ერთი-ორს გავიყოლებ - იცოდეთ, ძალიან კარგად ვისვრი!

"ამის გამკეთებელი იყო გიორგი ლაცაბიძე, ადეიშვილის მოადგილე, რომელიც ხარაგაულიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა და ეს ლაცაბიძეა, ვინც საპროცესოებზე ჩალიჩობდა და ვინმე კითხულობს, სად მიდიოდა საპროცესოების ანგარიშები, სადაც ამ ხალხს "არეცხინებდნენ" ფულს? ასპროცენტიანი ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ჩემი ნივთები ლაცაბიძემ და ირაკლი კოდუამ გადაინაწილეს ერთმანეთში ეს ჩემი, ე.წ. "დაუსაბუთებელი ქონება". კოდუა ჩემზე ძალიან იყო გამწარებული, რადგან მშვენივრად ვიცოდი, ლაურა ღაჭავას ინდოეთიდან "მორფინი" რომ ჩამოჰქონდა ტელევიზორების ყუთებით და ყიდდა. მაგ საქმეში დავით კეკუაც ჩარეული იყო, რომელიც მაშინ სამგორის რაიონის "ოურის" უფროსი იყო. კოდუას დედას საიდან აქვს ამხელა ქონება, პროკურატურას არ აინტერესებს? დაგვისაბუთოს ღაჭავამ, რომელსაც წამლის ბიზნესის გარდა ბორდელიც ჰქონდა აეროპორტის ტრასაზე - მახსოვს, "მამაშა" როენა მაშინ ციხეში ყვიროდა - ღაჭავამ კლიენტები წამართვაო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქეთევან ზარნაძე.

"პროკურატურა რომ წყვეტდა ყველაფერს, ამა მარტო მე ვამბობ? მე ქალი ვარ და მასეთ სამსახურში არ ვიმუშავებდი, სადაც კაცები ყველა უნამუსობაზე აწერდნენ ხელს - "რა ვქნა, გამაკეთებინეს", - ეს ამორალურია და არ არის გასამართლებელი საბუთი. რამდენი ხანია "ქრონიკაში" ჩემი ინტერვიუები გადის. აბა, გამოვიდეს ვინმე და თქვას - ზარნაძევ, გამომძიებელი რომ იყავი, თავად რაები გაქვს ჩადენილი, შენს საქმეებს მიხედეო - გამოვიდა ვინმე? იმიტომ, რომ უკადრებელი არ მიკადრებია. არის რაღაც, რასაც არ უნდა გადააბიჯოს ადამიანმა. ყველაფერ ამის შემდეგ მე, პირადად, იმ ჭკუაზე ვარ, რომ თუკი არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა, ცოტა ხანს დაველოდები კიდევ, მერე ჩავუსაფრდები ამათ პროკურატურასთან და რამდენიმე პროკურორს გავიყოლებ. მე უკვე არაფერი მაქვს დასაკარგავი, ყველაზე კარგი წლები ციხეში ამომხადეს სული", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ხუმრობთ?" - პასუხობს:

"არ ვხუმრობ და არა მარტო პროკურორებს, სხვებსაც გავიყოლებ. ძალიან კარგად ვისვრი და ერთი "სტეჩკინის" შოვნა არ არის პრობლემა ამ ქალაქში. ჩემ გარდა ბევრია ამ ჭკუაზე და ამათ ქალაქში გაჩერება ძალიან გაუჭირდებათ, არ იციან?"

"ქრონიკა შეეცადა, პროკურატურას დაკავშირებოდა, მაგრამ მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. არადა, გვაინტერესებდა, რატომ არ სწავლობენ გიორგი ლაცაბიძის დანაშაულებს? ეს ადამიანი 2008 წელს სახელმწიფო აუდიტში გენდირექტორის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე იქ მუშაობს. ადრე მითხრეს, ქეთი ზარნაძემ განცხადება დაწეროსო - განცხადება კი არა სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული სიცოცხლის ხელყოფის გამო და სად არის ეს საქმე, ვის აწერია? ვიცე-პოლკოვნიკი ღიად აანონსებს, რომ მკვლელობას ჩაიდენს, თუ მის საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ და ყველა დამნაშავეს არ დასჯიან. ეტყობა, რბილმა სავარძელმა და კომფორტმა მართლა იცის დაბრმავება და ამათ კიდევ არ სჯერათ, რომ უსამართლობით შეწუხებული ხალხი იქამდე მივიდა, რომ იარაღის აღებაზე ფიქრობს და სამართლიანობის აღდგენას საკუთარი ძალებით აპირებს", - დასძენს გამოცემა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია