ირანიდან შემოტანილი ბიტუმი გამომგზავნ ქვეყანაში უკან დაბრუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სსიპ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , 20 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის, "ვალეს" გავლით, ირანიდან საქართველოში 5 სატრანსპორტო საშუალებით 71,178.25 აშშ დოლარის ღირებულების ბიტუმი (117,650.00ტ.) შემოიტანეს.
"აღნიშნული საქონლის წითელ დერეფანში მოხვედრის შემდეგ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ შემოტანილი ბიტუმი არ შეესაბამება იმპორტიორი კომპანიის მიერ წარმოდგენილ ხარისხის სერტიფიკატში მითითებულ ნორმებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა", - აცხადებენ სსიპ შემოსავლების სამსახურში.