სპორტული კომპლექსი "არენა II" ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობისსამინისტროდან აცნობეს, კომპლექსი უნივერსიტეტის #6 ში, ყოფილი "ქარიშხალას" ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი წარმოადგენს უკვე კარგად ცნობილი "არენას" (ყოფილი "სკას") კიდევ ერთ კორპუსს, რომელიც ასევე მთლიანად განახლდა.
კომპლექსის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, "არენას" პარტნიორი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, სპორტული მედიცინის წამყვანი სპეციალისტები, პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები დაესწრებიან. ე.წ. ლენტის გაჭრის ცერემონიას ლევან ყიფიანი და კომპლექსის გენერალური დირექტორი გურამ გოგოლაძე განახორციელებენ. ოფიციალური პირები მედიის თანხლებით კომპლექსს დაათვალიერებენ.
"არენა II"-ს სპორტული პროფილი შეუნარჩუნდა და კიდევ ფუნქციები დაემატა. ამჟამად ფუნქციონირებს: დიდი აუზი - ზომა 25მX15მ, სიღრმე - 2მ; პატარა აუზი "საჭყუმპალაო" 7მX12, სიღრმე 80სმ; დიდი სპორტული დარბაზი; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი; მაგიდის ჩოგბურთი. "არენა II"ის დიდი აუზის ბაზაზე წყალბურთის აკადემიისა და წყალბურთელთა კლუბ "არენას" (ყოფილი ლიგამუსი") გუნდები ვარჯიშობენ. წყლბურთის სექცია ამ კომპლექსში ფაქტიურად წამყვანია.
ასევე საკმაოდ პოპულარულია პატარა აუზი, სადაც ბავშვების მიღება უკვე 4 წლის ასაკიდან ხდება. სპორტული დარბაზი ემზადება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე "არენა" და "არენა II" ხელბურთელთა შეჯიბრებებს უმასპინძლებს", _ აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. აღჭურვილია თანამედროვე ფიზიოთერაპიული აპარატურით. პაციენტებს შეუძლიათ გაიარონ როგორც ტრავმის შემდგომი, ასევე პოსტოპერაციულ რეაბილიტაცია. ახალ სამკურნალო დაწესებულებას სხვა არსებულთაგან გამოარჩევს ის, რომ გათვალისწინებულია ყველა შესაძლო მეთოდი, რაც პაციენტის სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.
"ყველა სერვისი თავმოყრილია ერთ არეალში _ თანამედროვე აპარატურა, სპეციალური ტრენაჟორები, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის კაბინეტები, დიდი და პატარა აუზი - ეს ყოველივე მაქსიმალურად ეფექტურს და კომფორტულს ხდის პაციენტისტის ასეთი სახის სამედიცინო მომსახურებას. ამ ეტაპზე ცენტრს შეუძლია მხოლოდ ამბულატორიული მოსახურების გაწევა, თუმცა ინფრასტრუქტურის საკმაოდ დიდი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იგეგმება მცირე სატაციონარის გახსნაც.
კომპლექსი არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ კუთხით იგეგმება კიდევ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ოფისი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს "არენასთან", _ აცხადებენ სამინისტროში.