ჯანეტ ქერდიყოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, "მის სამყარო 2013"-ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "იმიჯ-ცენტრიდან" აცნობეს, წელს, "მის სამყარო 2013"-ის ფინალურ შოუში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი და "იმიჯ ცენტრის" წარმატებული მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი.
კომპანია "იმიჯ ცენტრი" აცხადებს, რომ საერთაშორისო კონკურსზე მგზავრობისას ჯანეტ ქერდიყოშვილს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც იგი მოათავსეს ხარკოვის საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. მასთან ერთად ხარკოვში იმყოფებიან მისი მშობლები. მათი თქმით, ჯანეტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისათვის მას გარკვეული დრო დასჭირდება.
კომპანია "იმიჯ ცენტრი" წუხს ჯანეტ ქერდიყოშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ წელს ჯანეტი ვერ მოახერხებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რადგან ნებისმიერ კონკურსში, მითუმეტეს, ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა დაკავშირებულია ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან, რასაც ამ ეტაპზე ჯანეტი ვერ შეძლებს.
კომპანია "იმიჯ ცენტრის" ხელმაღვანელი ია კიწმარიშვილი უკვე დაუკავშირდა "მის სამყაროს" ორგანიზაციას და აცნობა მათ არსებული მდგომარეობა.
როგორც "იმიჯ ცენტრში" აცხადებენ, "მის სამყაროს" ორგანიზატორები გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანისთვის ჯანმრთელობის საკითხი არის უპირველესი მნიშვნელობის და ჯანეტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
"იმიჯ ცენტრი" სთხოვს ჟურნალისტებს და ამ თემით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ რაიმე სახის დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და საკითხისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭებისაგან.
"იმიჯ ცენტრი" კატეგორიულად უარყოფს ინტერნეტში გავრცელებულ სპეკულაციას იმის შესახებ, თითქოს და ჯანეტს უარი ეთქვა კონკურსში მონაწილეობაზე პოლიტიკური მოტივით. პირიქით, რუსეთის მხრიდან "მის სამყაროს" ორგანიზატორი კომპანია "კროკუს სითი" აქტიურად თანამშრომლობდა "იმიჯ-ცენტრთან" და ყველანაირად ხელს უწყობდა მას საორგანიზაციო თუ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში, რისთვისაც ჩვენ მადლობას ვუხდით კომპანია "კროკუს სითის" მენეჯმენტს.
კომპანია "იმიჯ ცენტრი" ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჯანეტის კონკურსისათვის მომზადებაში, მის მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს და იმედოვნებს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და მომავალში შეძლებს მონაწილეობას სხვა საერთაშორისო კონკურსებში", - ნათქვამია "იმიჯ ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.