ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ხვალ, მათემატიკის ოლიმპიადით დაიწყება. მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეები დავალებებზე მუშაობას 11:00 საათისათვის შეუდგებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ტარდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, მეორე და მესამე ტური ჩატარდება მხოლოდ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, შეუძლიათ შესაბამისი საგნის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღონ (საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად).
2013-2014 სასწავლო წელს სასკოლო ოლიმპიადები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული ენები).
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით, უშუალოდ სკოლები ჩაატარებენ.