გურამ ოდიშარია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საქმეზე ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ე.წ. განსაკუთრებულ შემთხვევებში სტატუსის მოხსნის საქმეში ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს.

"ჩვენ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვსწავლობთ. გვინდა შევკრიბოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება. ძალიან გვაკლია კანონები, რომელიც იცავს ძეგლებს, მაგრამ ამავე დროს ეხმარებიან სახელმწიფოს, როცა მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ეს პროპორციები უნდა იყოს დაცული და ჩვენ ყველამ ოქროს შუალედი უნდა გამოვნახოთ", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გურამ ოდიშარიამ.

კულტურის მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ შევიდა ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტში აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით და რომელი ობიექტები შეიძლება იდგეს კანონპროექტის უკან.

მთავრობას უფლებამოსილება ეძლევა "განსაკუთრებულ შემთხვევებში" განკარგულება გამოსცეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტს სტატუსი მოუხსნას. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ ისტორიული თუ კულტურული ღირებულება დაკარგა, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ან მეცნიერული კრიტერიუმებით ის ძირითადი მახასიათებელი აქვს დაკარგული, რომლის გამოც ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კანონი ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის რაიმე სახის საგამონაკლისო ნორმებს და აღნიშნულისგან განსხვავებულ საფუძვლებს, სადღეისოდ არ ითვალისწინებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად კი, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებულ მუხლს ემატება ნორმა, რომლის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, მთავრობის განკარგულებით ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა დასაშვები ხდება. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, "განსაკუთრებულ შემთხვევებში" ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობა არ ვრცელდება ეროვნული კატეგორიისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლებზე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა