სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბათუმის ხელოვნების ცენტრში ნათლულები დალოცა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში 1 900-მდე ადამიანი მისი ნათლული გახდა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში პატრიარქს კონცერტით შეხვდნენ, რის შემდეგაც ილია მეორემ ნათლულებს სთხოვა, რომ იყვნენ სამაგალითონი.
უწმინდესის თქმით, აჭარის რეგიონი საქართველოს გამთლიანების მაგალითია. "პატრიარქის ნათლულები უნდა იყვნენ სამაგალითონი თავიანთი რწმენით, სიყვარულით, სიკეთით. ყოველი ქართველი ადამიანი არის ღვთისადმი შეწირული ზვარაკი. ვისაც სურს ნახოს ძლიერი სიყვარული უფლისადმი, უნდა ჩამოვიდეს აჭარაში. დალოცვილი იყავით, აჭარა მაგალითია მთელი საქართველოსთვის. შევთხოვ უფალს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ვლოცავ ჩემს ნათლულებს, დალოცვილი იყავით, თქვენ და თქვენი მშობლები, თქვენი ოჯახი, ამინ!", - აღნიშნა პატრიარქმა.