გიგი უგულავა თანამდებობიდან გადაყენებულად მას შემდეგ ითვლება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გიგი უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი კანონდებლობით დეტალურად დარეგულირებული არ არის.
"კანონში ცოტა ბუნდოვანებებია დატოვებული, ისიც კი არ არის დარეგულირებული საერთოდ პირდაპირი გზით არჩეული მერის საკითხი შეიძლებოდა თუ არა სასამართლოს განეხილა. ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რადგან სისხლის სამართლის კოდექსში წერია ზოგადად თანამდებობის პირი და რადგან მერი არის თანამდებობის პირი, სასამართლოს შეეძლო ეს ჩანაწერი ასე განემარტა, რომ მერის გადაყენების საკითხი დაეკმაყოფილებინა ფორმალური თვალსაზრისით", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების აღსრულებას, რადგან მერს არ ყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, ეს არ შეიძლება გამოყენებული იქნებს როგორც არგუმენტი, რის გამოც, გადაწყვეტილების აღსრულება ან უნდა მოხდეს ან უნდა შეფერხდეს.
"სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს პირდაპირი სავალდებულო ძალა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მიუხედავად იმისა მერიის რომელიმე სამსახური ეს იქნება იურიდიული სამსახური, თუ ნებისმიერი სხვა სამსახური მიიღებს თუ არა აღსრულების მიზნით რაიმე კონკრეტულ აქტს და განახორციელებს თუ არა ქმედებას, მერი, ჩვენი შეფასებით, ავტომატურად გადაყენებულად ითვლება. როგორც კი კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს განჩინება, მერი გადაყენებულად ითვლება. მიუხედავად იმისა
მოსწონთ თუ არა ეს განჩინება, რადგან ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს შენიშვნები ზოგადად სასამართლოს მიმართ, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა დოკუმენტის თავის პოზიციის წარდგენა და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სავალდებულოა შესასრულებლად და ეს არც ერთი არგუმენტი, არც ჩვენს მიერ ნათქვამი და არც სხვა რომელიმე მხარის მიერ ნათქვამი არ შეიძლება გამოყენებული იქნას ამ კონკრეტული განჩინების არშესრულების არგუმენტად, ის უნდა შესრულდეს", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ მერი უკვე გადაყენებულია, რადგან სადავო არ არის ის, რომ სასამართლოს განჩინება უკვე ძალაში შევიდა.
"მესმის, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ცოტა გაუგებრობა სასამართლოს განჩინებამ და პროკურატურის წერილმა გამოიწვია, რადგან სასამართლოს განჩინებაში პროკურატურას დაევალა აღსრულება, არ ვიცი ეს პროკურატურამ როგორ უნდა აღასრულოს და მერე პროკურატურამ სთხოვა მერიის იურიდიულ სამსახურს, რომ რაღაც ემოქმედა. მერიის იურიდიული სამსახურიც ვერაფერს გააკეთებს, რა უნდა გააკეთოს გაუგებარია და არც სასამართლოს განჩინებაშია განმარტებული და არც პროკურატურას არ განუმარტავს რას გულისხმობენ ამ ყველაფერში, ეს ყველაფერი ზედმეტი იყო. სასამართლოს განჩინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ავტომატურად სავალდებულო. კანონდებლობით პროცედურები რომ ყოფილიყო გაწერილი გასაგებია, მაგრამ ეს რადგან არ არის გაწერილი და ბუნდოვანია, ბუნდოვანების განმარტების საშუალება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს, რადგან სასამართლომ თქვა, რომ გადაყენებულია- დამთავრდა ამ საკითხზე სამართლებრივი კუთხით მსჯელობა", - აცხადებს საიას თავმჯდომარე.
რაც შეეხება იმას, რომ გიგი უგულავა აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, ეს ვერ შეაჩერებს სასამართლოს განჩინების აღსრულებას.