სპორტის სასახლეში დღეს საახალწლო სპექტაკლის "ყინულის დედოფალი" პრემიერა გაიმართება

საახალწლო ზღაპრის "ყინულის დედოფალი" პრემიერა სპორტის სასახლეში დღეს გაიმართება. სპორტის სასახლეში მისულ მაყურებელს საახალწლო ზღაპრის ნახვა 3D ფორმატში შეეძლება. ორგანიზატორების განცხადებით, მსოფლიოში მსგავსი შოუს სულ სამი პრეცედენტი არსებობს. სპექტაკლისთვის სპორტის სასახლეში სპეციალური ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რათა შოუ თანამედროვე ტექნოლოგიების და 3D ეფექტის გამოყენებით გამართულიყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა განუცხადეს, მსგავსი მასშტაბის დეკორაცია ჯერ არ ახსოვს ქართულ სცენოგრაფიას. კერძოდ, სპექტაკლისთვის 735 კვადრატული მეტრი ეკრანი და უზარმაზარი დეკორაციები დამზადდა, რაც მაყურებელს ილუზიას უქმნის თითქოს თავად არიან სპორტის სასახლის სცენაზე დადგმული ეფექტების მონაწილენი.

კომპანია PIKART-ის სამხატვრო ხელმძღვანელის ბესო ჩანტლაძისა და დამდგმელი რეჟისორის ზაალ ჩიქობავას განცხადებით, "ყინულის დედოფალის" ორიგინალურ ვერსიაში ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის შინაარსი შენარჩუნებულია, თუმცა კომპიუტერული და სპეცეფექტების საშუალებით სანახაობა ულამაზესი და ემოციური გამოვიდა. პირველი სპექტაკლი დღეს გაიმართება. ხოლო მომდევნო სპექტაკლების ნახვა 1 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება მსახიობებს, ყინულის დედოფლის როლს სპორტსმენი და ტელეშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე ნინო ნებიერიძე ასრულებს; გერდას ანა წერეთელი ითამაშებს; კაის როლი ირაკლი ძნელაძეს ერგო. ასევე, სპექტაკლში მონაწილეობენ გიორგი ვარდოსანიძე, პაატა გულიაშვილი, ნინო თარხან-მოურავი, მანანა აბრამიშვილი, სამორი ბალდე, დავით ბეშიტაიშვილი და შოუ-ბალეტი "ვერნისაჟი".

სცენარის ავტორია ხატია ხოსროშვილი; მხატვრები - დავით მაჭავარიანი, ლევან კვარაცხელია, ლიკა კვირიკაშვილი; რეჟისორი გურანდა იაშვილი; ვიზუალური ეფექტების რეჟისორი ლევან ხომერიკი; გრაფიკოსები ვანო სტეფანიშვილი, გოგიტა ცინცაძე, ირაკლი გელეიშვილი; დამდგმელი ქორეოგრაფები - თეა გობეჯიშვილი, კახა ხოშტარია, ასევე ოთარ ყუფუნია, ბესო ჩანტლაძე, ზეზვა ფოფხაძე, ლაშა ჭიტაძე და ბესიკ ქავჟარაძე.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია