იუსტიციის სასწავლო ცენტრში დღეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ტური გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაში მონაწილეობის სურვილი 127 კანდიდატმა გამოთქვა. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილეებს ტესტირება უტარდებათ ზოგად უნარ-ჩვევებში. წარმატებული პრეტენდენტები 28 თებერვლიდან პროფესიული ტესტირების გავლას შეძლებენ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე 253 სანოტარო ბიურო მოქმედებს. უნოტარიუსოდ ჯერ კიდევ დარჩენილია შვიდი რაიონი (ქედა, მესტია, ასპინძა, ადიგენი, ვანი, ონი ამბროლაური).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, იურიდიული განათლების მქონე პირებს აქვთ შანსი, ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავონ თავისუფალ 47 ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსთა გამოცდის 16 მონაწილემ სანოტარო საქმიანობის დაწყების სურვილი გამოთქვა უნოტარიუსოდ დარჩენილ 7 რაიონში.