ქართული ენის ეროვნული კორპუსის გერმანული ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარტში განთავსდება

ქართული ენის ეროვნული კორპუსის გერმანული ნაწილი მარტის თვეში ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსდება. ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრმა , ფრიდონ საყვარელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ენის ეროვნული კორპუსის გერმანული ნაწილი გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში სხვადასხვა ენების კორპუსებზე მომუშავე გერმანელი მეცნიერის, იოსეტ გიპერტის და ქართველი მეცნიერის მანანა თანდაშვილის მიერ შეიქმნა.

საყვარელიძის განცხადებით, იგი 120 მილიონ ქართულ სიტყვა-ფორმას შეიცავს და მისი გამოყენება სხვადასხვა ასპექტით შეიძლება. კერძოდ, პედაგოგიური, სოციოლოგიური, პოლიტიკური და სხვადასხვა ინტერდისციპლინარული მნიშვნელობით.

საყვარელიძემ აღნიშნა, რომ გასული წლის ზაფხულში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გოეთეს ფრანკფურტის ენათმეცნიერების კათედრას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ქართული ენის ეროვნული კორპუსის უსასყიდლოდ გადმოცემას ითვალისწინებს.

პარლამენტარის განმარტებით, გერმანული მხარის პირობაა, ქართული ენის ეროვნულმა კორპუსმა იფუნქციონიროს გამართულად. ამ მიზნით შეიქმნა სერვერი, რომელზედაც იგი განთავსდება.

საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გერმანიაში, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით იმყოფება.

საყვარელიძის თქმით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა "ქართული ენისა და თანამედროვე ტექნიკის" კაბინეტი, სადაც განთავსდება სწორედ ქართული ენის ეროვნული კორპუსი და იგი ფუნქციონირებას მარტის თვიდან დაიწყებს.

პარლამენტარმა ასევე დასძინა, რომ ქართული ენის ეროვნული კორპუსები ასევე შექმნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერაც და მიღებულია გადაწყვეტილება, ეს ყველა კორპუსი გაერთიანდეს.

პარლამენტარმა ასევე დასძინა, რომ სომხებსა და რუსებს უკვე აქვთ საკუთარი ენის ეროვნული კორპუსი.

"ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ როდესაც ვითარდება ტექნოლოგიები, ქართულ ენას ექმნება სერიოზული პრობლემები ფეხი აუწყოს ახალ ტექნოლოგიებს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შესაძლებელია ქართულმა ენამ არსებობა შეწყვიტოს, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩატვირთული ენები არის ძირითადად ჩინური, ინგლისური ან სხვა. მოსახლეობას მოუწევს იმ ბრძანებების ტექსტების წაკითხვა და მასზე რეაგირება, რომელიც ამ თანამედროვე ტექნოლოგიებში იქნება ჩატვირთული. ქართული ენის ეროვნული კორპუსის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის", - აღნიშნა ფრიდონ საყვარელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია