მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში იქნება დასვენებული. საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს წმინდანს. შემდეგ კი წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.
მამა გაბრიელის საფლავი გუშინ გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტერის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გუშინ, 13:00 საათის შემდეგ გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით უწმინდესი მიბრძანდა, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა. სიწმინდის მოლოცვის საშუალება სვეტიცხოველში მრევლსაც ჰქონდა. მამა გაბრიელის ნეშტი ხის ლუსკუმაშია ჩაბრძანებული რომელიც დახურულია.
სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვა მთელი ღამის განმავლობაში აღევლინებოდა.