იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების ალტერნატიული დოკუმენტის შექმნა "მომავლის თემა" გახდეს. "ამ ეტაპზე ეს განხილვის საგანი არაა, მაგრამ თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ გამოსავალი უნდა იყოს მოძებნილი, ეს შეიძლება იყოს მომავლის თემა", - განაცხადა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" წამყვნის შეკითხვის კომენტირებისას, რამდენადაა შესაძლებელი ხელისუფლებამ ელექტრონული პირადობის მოწმობის წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეებისთვის ალტერნატიული ბარათის შექმნაზე იფიქროს.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ID ბარათი ბიომეტრიული სიის შესაქმნელად აუცილებელია. "ჩვენ მივდივართ იქეთკენ და კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ შედგეს ბიომეტრიული საარჩევნო სია და ერთხელ და სამუდამოდ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს გააყალბოს არჩევნები და არ მოხდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის იანვარში. ბიომეტრიული სიისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობა არის აუცილებელი", - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, წულუკიანის ინფორმაციით, ელექტრონული პირადობის მოწმობის დანერგვას გამოკითხულთა 84 % მხარს უჭერს. "ცრუა ის ინფორმაცია, რომ მოსახლეობის 30 %-ია ამ ბარათის წინააღმდეგი, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გამოკითხულთა 84 % ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ელექტრონული პირადობის მოწმობა. დანარჩენი 16 % ამბობს, რომ აქვს გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა აღნიშნული 16 %-დანაც 34 % აცხადებს, რომ თუ ბარათი უფასო იქნება, მას აუცილებლად აიღებს", - დასძინა წულუკიანმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"