აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - პრეზიდენტ პუტინის ბელეტრისტიკა: 10 ტყუილი უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ

"პრეზიდენტ პუტინის ბელეტრისტიკა: 10 ტყუილი უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ" – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის თაობაზე.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მიერ სიყალბის თავსმოხვევა, რომლითაც ის ცდილობს უკრაინაში საკუთარი უკანონო ქმედებების გამართლებას, მსოფლიოს მას შემდეგ არ უხილავს, რაც დოსტოევსკიმ დაწერა: "ფორმულა - ორჯერ ორი ხუთია – არ არის მოკლებული მიმზიდველობას".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრეზიდენტ პუტინის 10 განცხადებას გამოყოფს, რომლითაც ის ცდილობს გაამართლოს უკრაინაში რუსეთის აგრესია.

1. პუტინი ამბობს: "ყირიმში შეიარაღებული ძალები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ რუსეთის სამხედრო ქონებას იცავენ. ყირიმში ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები "მოქალაქეთა თავდაცვის ჯგუფებმა" იგდეს ხელთ და არა – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა".

ფაქტები: მყარი სამხილების თანახმად, ყირიმში კარგად ორგანიზებული ანტიუკრაინული ძალების უკან რუსული ძალოვანი სტრუქტურები დგანან. თუმცა, ამ ქვედანაყოფების სამხედროები გამოწყობილი არიან ფორმებში, რომელსაც სიმბოლოები არ აქვთ, ისინი გადაადგილდებიან რუსულ სამხედრონომრიანი მანქანებით, საერთაშორისო მედიისა და უკრაინული სამხედროების შეკითხვაზე კი დაუფარავად აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენენ. მეტიც, ეს ადამიანები შეიარაღებული არიან იარაღით, რომელიც ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი არ არის მოქალაქეებისთვის.

2. პუტინი ამბობს: რუსეთის ქმედებები არ სცდება უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის შესახებ 1997 წელს დადებულ ხელშეკრულებას.

ფაქტები: 1997 წლის შეთანხმების თანახმად, რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებები, რომლითაც რუსეთმა ყირიმზე ოპერაციული კონტროლი დაამყარა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა.

3. პუტინი ამბობს: უკრაინის ოპოზიციამ არ შეასრულა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან 21 თებერვალს მიღწეული შეთანხმება.

ფაქტები: 21 თებერვალს დადებული შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ რადას უნდა მიეღო კანონპროექტი უკრაინაში 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებაზე, რომლითაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის სისტემას დაუბრუნდებოდა. შეთანხმების თანახმად, იანუკოვიჩს 24 საათის განმავლობაში ხელი უნდა მოეწერა ამ კანონმდებლობის გატარებისთვის და ამ გზით კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. იანუკოვიჩმა უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე. ნაცვლად ამისა, მან ბარგი ჩაალაგა და გაიქცა, უკან კი ფართომასშტაბიანი კორუფციის მტკიცებულებები დატოვა.

4. პუტინი ამბობს: უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია და ქვეყნის ლეგიტიმური ლიდერი კვლავ იანუკოვიჩია.

ფაქტები: 4 მარტს, პრეზიდენტმა პუტინმა თავად აღიარა, რომ იანუკოვიჩს "პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია". მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი უკრაინიდან გაიქცა, მისი საკუთარი "რეგიონების პარტიაც" კი მის წინააღმდეგ გამოვიდა – ხმა მისცა იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადაყენებას და მხარი დაუჭირა ახალ მთავრობას. უკრაინის ახალი მთავრობა დემოკრატიულად არჩეულმა უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა 371 ხმით – ხმათა უმრავლესობით 82%-ით. უკრაინის დროებითი მთავრობა ხალხის მთავრობაა, რომელიც 25 მაისს ქვეყანას დემოკრატიული არჩევნებისკენ გაუძღვება – არჩევნებისკენ, რომელიც უკრაინელ ხალხს მისცემს საშუალებას თავიანთი ქვეყნის მომავალი აირჩიონ.

5. უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისია – ასობით ათასი ადამიანი გარბის უკრაინიდან რუსეთში და თავშესაფრის ძიებაშია.

ფაქტები: დღესდღეობით აბსოლუტურად არაფერი ადასტურებს იმას, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისია. ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები უკრაინიდან რუსეთში თავშესაფრის მაძიებელთა გადინების შესახებ. ქვეყანაში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციები სწავლობენ შექმნილ ვითარებას, ესაუბრებიან უკრაინელ მესაზღვრეებს, რომლებიც ასევე არ ადასტურებენ ზემოხსენებულ განცხადებებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც საზღვარზე ახდენენ დაკვირვებას, ასევე აცხადებენ, რომ არ ხდება ლტოლვილთა ასეთი გადინება.

6. პუტინი ამბობს: ეთნიკური რუსები საფრთხის ქვეშ არიან.

ფაქტები: თუ არ ჩავთვლით რუსულ მედიასა და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია ეთნიკური რუსების საფრთხის ქვეშ ყოფნაზე. უკრაინის ახალმა  მთავრობამ თავიდანვე საკუთარ პრიორიტეტებად მშვიდობა და შერიგება გამოაცხადა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ტურჩინოვმა უარი თქვა ხელი მოეწერა კანონმდებლობისთვის, რომელიც რეგიონულ დონეზე რუსული ენის სტატუსს შეზღუდავდა. ეთნიკურმა რუსებმა და რუსულენოვანმა მოსახლეობამ ხელი მოაწერეს პეტიციას, რომ არ იმყოფებიან საფრთხის ქვეშ. გარდა ამისა, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, კიევი სიმშვიდეს დაუბრუნდა. არ შეინიშნება კრიმინალის მატება, მაროდიორობა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

7. პუტინი ამბობს: რუსული ბაზები საფრთხის ქვეშაა.

ფაქტები: რუსული სამხედრო ობიექტები იყვნენ და რჩებიან უსაფრთხოებაში და უკრაინის ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ დაიცავს საერთაშორისო შეთანხმების ყველა პირობას, რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული პირობის ჩათვლით. ყირიმში, სწორედ უკრაინული ბაზები არიან საფრთხის ქვეშ რუსეთის სამხედროების მხრიდან.

8. პუტინი ამბობს: სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში უამრავი თავდასხმა განხორციელდა ეკლესიებსა და სინაგოგებზე.

ფაქტები: ქვეყნის რელიგიური ლიდერები და უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც რწმენის თავისუფლებას იცავენ, აცხადებენ, რომ ადგილი არ ჰქონია ეკლესიებზე თავდასხმებს. უკრაინული ეკლესიის ყველა წინამძღოლი, მათ შორის უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, მხარდაჭერას უცხადებენ ახალ პოლიტიკურ მმართველობას და ეროვნული ერთიანობისა და ვითარების ნორმალიზების მოწოდებით გამოდიან. უკრაინის სამხრეთითა და აღმოსავლეთით ებრაული სათვისტომოები აცხადებენ, რომ ადგილი არ აქვს ანტისემიტური ხასიათის შემთხვევების მატებას.

9. კიევი ყირიმში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს.

ფაქტები: უკრაინის დროებითი მთავრობა თავშეკავებით მოქმედებს და ისწრაფვის დიალოგისკენ. მეორე მხრივ, რუსული ჯარები თავიანთი ბაზების გარეთ მოქმედებენ და ყირიმში პოლიტიკურ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას იკავებენ. მთავრობამ დაუყოვნებლივ გააგზავნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სიტუაციის განმუხტვისთვის. მთავრობის უკანასკნელი ემისარი პეტრე პოროშენკო კი, რომელიც ყირიმში დიალოგის წარმართვისთვის ჩავიდა, ყირიმის პარლამენტში არ შეუშვეს.

10. პუტინი ამბობს: უკრაინის რადა ექსტრემისტებისა და ტერორისტების გავლენის ქვეშაა.

ფაქტები: უკრაინაში რადა ყველაზე წარმომადგენლობითი ინსტიტუციაა. უკანასკნელი საკანონმდებლო აქტები უმრავლესობით იქნა მიღებული, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან. მემარჯვენე ულტრანაციონალისტი ჯგუფები, რომელთაგან ზოგიერთი ევრომაიდანზე გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებთან ღია დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, რადაში არ არიან წარმოდგენილი. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას აპირებს. პირიქით, მათ საჯაროდ განაცხადეს საპირისპიროზე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის