"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იქცევიან , როგორც პარტიზანები მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ამის შესახებ ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ევრომაიდანის მოწყობას გეგმავს.
ბოკერიას თქმით, "ის ბოდვა, რომელიც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, სიმპტომატური და საგანგაშოა", რამდენიმე მიზეზის გამო.
"პირველი იმიტომ, რომ შს მინისტრი თვითონ თესავს პანიკას არაფრისგან, იგონებს სრულ სისულელეს და საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოს, საგანგაშო სიგნალს უგზავნის, სხვათა შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რომ ევრომაიდანის მოწყობა უნდა ვიღაცას. როგორც წესი, ვითარება არის ხოლმე პირიქით. ქვეყანაში შეიძლება იყვნენ ძალები, ვინც ღიად საუბრობს, რომ ახლა არეულობა იქნება, ჩვენ დავამხობთ ხელისუფლებასო და ა.შ. - ასეთი იყო ტრადიცია ბოლო წლებში და ამ ვითარებაში, ხელისუფლება შეიძლება, იძულებელი იყოს, რომ განცხადება გააკეთოს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვხედავთ პირიქით, რომ თვითონ მოიგონეს ეს აბსურდი, დათესეს პანიკა და დღეს ასეთი მყარი, აგრესიული ტონით დაიმუქრა პრემიერ-მინისტრი, რომ არ დაუშვებს რაღაცას, რაც არ უნდა მოხდეს და არც ხდება თურმე. ეს არის აბსურდის თეატრი. ჩვენი მთავრობა იმის ნაცვლად, რომ საფრთხეს ხედავდნენ კრიმინალში, უსაფრთხოებასა და რუსეთში, ხედავდეს გამოწვევას ეკონომიკურ სტაგნაციაში, იგონებს აბსურდს და კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ჩვენ გვახსოვს, ამ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ არანაირ საფრთხეს რუსეთისგან ვერ ვხედავო. ეს არის პრობლემა", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე აზრით, შს მინისტრის განცხადების მოტივაციას მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლა წარმოადგენს.
"ეს მიაჩნიათ მათ საკუთარ პოლიტიკურ საკვებად, იმიტომ რომ სხვა ყველაფერში, იმ დაპირებებში, რა ტალღაზეც აირჩიეს, აქვთ ჩავარდნა და ამაში ხედავენ გამოსავლას. ევრომაიდანის თემას რომ დავუბრუნდეთ, მინდა, გარკვევით ვუთხრა ხელისფლებას – ევრომაიდანი მოაწყო იანუკოვიჩმა იმითი, რომ უღალატა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. შეშფოთების საფუძველი არის ის, როგორ ჰგავს ჩვენი ხელისუფლების ტრაექტორია იანუკოვიჩს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ დავუშვათ. ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, რომელიც არ აყენებს ეჭვისქვეშ ლეგიტიმრუობას, არ საუბრობს ხელისუფლების დამხობაზე, აღიარა არჩევნებში შედეგები ეგზიტპოლებიდან 5 წუთში, იმისთვის რომ დემოკრატიული ტრადიცია შეიქმნას, რაც სრული საპირისპიროა იმისა, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვიყავით იქამდე. მაგრამ ეს სარკისებური ეფექტი შეეხო ხელისუფლებასაც. დღევანდელი ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი იყო ადრე ოპოზიციაში და ასე იქცეოდა ხოლმე, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ისე იქცევიან, როგორც პარტიზანები მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.