უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, უმცირესობის წევრი დეპუტატის, პაატა ლეჟავას განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დავით ლორთქიფანიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პაატა ლეჟავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვანში, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელს, მამუკა ლეჟავას აიძულებენ, ჩვენება მისცეს ვანის მაჟორიტარის, უმცირესობის წევრ პაატა ლეჟავას წინააღმდეგ.
დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, პაატა ლეჟავამ განაცხადა, ვითომ მამუკა ლეჟავასთან შევიდა ორი პროკურორი, მიუტანეს ორი არასრულწლოვანი შვილის სურათი და უთხრეს, რომ ხელი დაედო მისი ბიძაშვილი პაატა ლეჟავასთვის იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის, 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილ, ვანის მკვიდრ სულიკო ასათიანს სიკვდილამდე აშანტაჟებდა და შემდეგ მის ოჯახს აშანტაჟებს.
"რეალობა არის ის, რომ პაატა ლეჟავა მართლა დადიოდა სულიკო ასათიანის ოჯახში უშიშროების მაღალჩინოსანთან ერთად, მართლა აშანტაჟებდა ოჯახს და ეუბნებოდა, რომ თუ ისინი არ გაჩერდებოდნენ და არ დაანებებდნენ სიმართლისთვის ბრძოლას თავს, უარესი დაემართებოდათ. ის სულიკო ასათიანსაც გარდაცვალებამდე გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომლის პირით უთვლიდა, რომ თუ არ გაჩერდებოდა და არ დაანებებდა ოპოზიციის აქციებზე სიარულს თავს, ცუდად დაამთავრებდა. სულიკო ასათაიანი იმდენად იყო შანტაჟით და ტერორით შეშინებული, რომ აქციებზე ხელი არ აუღია, მაგრამ თბილისში შემოვლითი გზით მიდიდოდა და ამას რამდენიმე ადამიანი დაადასტურებს", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ის განცხადება, რაც პაატა ლეჟავამ პარლამენტში გააკეთა, ოჯახისთვის შეურაცხმყოფელია.
"მისი განცხადება პროკურატურასთან მიმართებაში არის აბსოლუტური სიცრუე. არანაირი პროკურორები არ შესულან მის კრიმინალ ბიძაშვილთან და არ მოუწყვიათ შანტაჟი. სულიკო ასათიანის მეუღლემ და შვილმა გამომძიებელს მისცეს ჩვენება. ახლა, პაატა ლეჟავა გრძნობს რა, რომ პროკურატურა გააქტიურებულია, ამითი ცდილობს თავი დაიძვრინოს. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, დროზე დაიბაროს საგამოძიებო ორგანოში პაატა ლეჟავა და პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რომელიც აქვს ოჯახს და საზოგადოებას", - განაცხადა დეპუტატმა.
მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელს, მამუკა ლეჟავას აიძულებენ, ჩვენება მისცეს ვანის მაჟორიტარის, უმცირესობის წევრის პაატა ლეჟავას წინააღმდეგ , - შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტს დღეს პაატა ლეჟავამ მიაწოდა.
დეპუტატის თქმით, საუბარია 26 მაისს გარდაცვლილი ვანში მცხოვრები სულიკო ასათიანის საქმეზე.
"დაკავებული იყო ვანის საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი, მერე გირაოთი გაათავისუფლეს. რამდენჯერმე იყო ვანის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელის, მამუკა ლეჟავას დაშანტაჟების მცდელობა. ბოლოს ის დააკევეს. ერთი კვირის წინ მასთან ციხეში ორი პროკურორი იყო შესული, რომლებმაც მოსთხოვეს, რომ მას მიეცა ჩვენება ჩემზე, რომ 26 მაისს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს ვაშანტაჟებდი და ასე შემდეგ. ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აჩვენეს მცირეწლოვანი შვილების ფოტოსურათები და უთხრეს "შენ რვა წელს მოგისჯიან და ცოტა ჭკუით მოიქეცი", - განაცხადა პაატა ლეჟავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც დეპუტატი აცხადებს, "სადღეისოდ საპატიმრო დაწესებულებებში ხდება იგივე და კიდევ უფრო უარესი, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი". ლეჟავამ უმცირესობას სთხოვა დაინტერესდნენ, რა ხდება ციხეებში.