ფურთხი ყველასთვის გვაქვს შემონახული, - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კაკაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ირაკლი კაკაბაძემ აღნიშნა, ქართული საზოგადოება დიდ სულიერ კრიზისშია და ეს აისახება მათ ეთიკურ მდგომარეობაზე.
"არ ვიცი, ირაკლი ზაქარეიშვილს რამდენად ვუწოდო ადამიანი. ეს არის ჩვენი სამარცხვინო მდგომარეობის შედეგი. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ და პირდაპირი შტურმით შეტევაზე გადავალთ ასეთ უზნეო ადამიანებზე, ყველა ასეთ უზნეო პირზე, რომელიც ეთიკის ფარგლებზე ზემოთ აყენებს ფულს", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ვერ დაუშვებს საქართველოში ფაშიზმისა და ავტორიტარიზმის გამარჯვებას.
"ჩვენ გადავალთ პირდაპირი მნიშვნელობით შეტევაზე. სასამართლოს საშუალებით და სასამართლოს ფარგლებს გარეთაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ნაციონალებმა", სააკაშვილიდან დაწყებული, რიგითი "ნაციონალით" დამთავრებული, სულ ნეხვში იცურაონ მთელი ცხოვრების მანძილზე, სანამ არ მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს ქართველი ერის წინაშე. ისეთ ქაქში ვაბანავებთ ყველა მათგანს და ისე მოულოდნელად, გამომგონებლურად, რომ შეიძლება თვითონაც მოეწონოთ", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, მას ციხის არ ეშინია და მზად არის, ციხეში წავიდეს.
ირაკლი კაკაბაძე ხელისუფლებისგან მოითხოვს "ნაიცონალური მოძრაობის" გასამართლებას.
"მოვითხოვ, გასამართლდნენ ეს დამნაშავეები. ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებას, რომ დასაჯონ ისინი, თუ არადა მათ ჩვენ დავსჯით", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
საქალაქო სასამართლოში ინციდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ მოხდა. დარბაზიდან გამოსულ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრო გირგვლიანის მამასთან ერთად დარბაზთან მისულმა პირებმა, ირაკლი კაკაბაძემ და სხვებმა. ირაკლი კაკაბაძემ ზაქარეიშვილს შეაფურთხა.
მათი პროტესტის მიზეზი ზაქარეიშვილის ლევან ბუხაიძესთან დაკავშირებული განცხადებები გახდა. მათი თქმით, ზაქარეიშვილმა ბუხაიძე გირგვლიანის მკვლელობაში დაადანაშაულა.