ქრისტე აღდგა! აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აღსრულდა!
აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!
,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"
49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.
შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური
მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.
აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.