"საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტი შემუშავების სტადიაშია და მისი ინიცირება მხოლოდ დაინტერესებულ წრეებთან სამუშაო შეხვედრების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროში, იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, თუ რა ეტაპზეა კანონპროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ", რომელსაც გადამზიდავი კომპანიები TNT, DHL, UPT და FEDEX დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპროტესტო აქციით გააპროტესტებენ.
"გაცნობებთ, რომ კანონპროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ" შემუშავების სტადიაშია. მისი საბოლოო ვერსია ჯერ არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან ერთად კიდევ მოხდება მისი ცალკეული დეტალების განხილვა და შეჯერება. კანონპროექტის თაობაზე შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან რამდენჯერმე უკვე გაიმართა და ამ პროცესის გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ. კანონპროექტის ინიცირება მხოლოდ დაინტერესებულ წრეებთან სამუშაო შეხვედრების შემდეგ მოხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტის ღია საჯარო განხილვა გაიმართა, რამდენიმე დღის წინ კი გადამზიდავი კომპანიების გარკვეულ ჯგუფთან შეხვედრაც შედგა. მათ არა ერთხელ განემარტათ, მათ შორის, მედიის საშუალებათა წარმომადგენლების თანდასწრებით, რომ ისინი აუცილებლად ჩართულები იქნებოდნენ კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ამდენად, გაუგებარია, მათი აქცია რა მიზანს ემსახურება", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.