თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. 7 000 კვ.მეტრ ფართობზე მდებარე "ბუკიას ბაღში" მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა - დამონტაჟდა გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა სკამები და მოეწყო საჩრდილობლები.
ბაღში მდებარე მრავალწლოვან და უიშვიათეს ხე-მცენარეებს ფორმირება და წამლობა ჩაუტარდა. ასევე კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, მეტროს სადგურ "პოლიტექნიკურიდან" ბუკის ბაღამდე დაიგო ქვაფენილი და ბეჭდური ასფალტი.
განხორციელებული სამუშაოები დღეს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ, გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელამა გია ხუროშვილმა, სხვა მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.