საქართველოს პრეზიდენტს სათათბირო ორგანო უნდა ჰყავდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმასაკონსტიტუციო კომისიის წევრ, გია გეწაძის ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური წარმონაქმნი უნდა გაუქმდეს.
როგორც იმერლიშვილმა განმარტა, ამ ტიპის ორგანოს არსებობა განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, თუკი პრეზიდენტი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს.
"როცა პრეზიდენტი აცხადებს საომარ ან საგანგებო მდგომარეობას, აუცილებელია მას ჰყავდეს სათათბირო ორგანო, რომელიც წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის, ძალოვანი მინისტრების, ასევე საგარეო და ფინანსთა მინისტრებისგან. ვფიქრობ, აუცილებელია ასეთი ორგანო, თუკი პრეზიდენტს ექნება ქვეყანაში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მისაღები", - აღნიშნა იმერლიშვილმა.
იურისტი გია გეწაძე, უშიშროების საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის გაუქმების წინადადებით გამოდის.
"მიმაჩნია, რომ არსებული მმართველობის მოდელში, რომელიც ახლოს არის საპარლამენტო მოდელთან, უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, საჭირო არ არის. ვთვლი, რომ კონსტიტუციიდან მუხლი, რომელიც უშიშროების საბჭოს ეხება, ამოღებული უნდა იყოს. ამასთან, უშიშროების საბჭოს მოწვევა, როგორც სხდომის მოწვევა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა პრეზიდენტთან მინისტრები შეიკრიბებიან, ისედაც შეიძლება და შესაძლოა ამას უშიშროების საბჭოს სხდომა დაერქვას. დღეს პრეზიდენტს აქვს ადმინისტრაცია, ასევე ჰყავს უშიშროების საბჭო და ხდება აპარატების დუბლირება. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ერთი ადმინისტრაცია და თუ ეყოლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელად უშიშროების საკითხებში გამოცდილი პირი, მაშინ ის იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - თანაშემწე უშიშროების საკითხებში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია გეწაძემ.