სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს საქართველოში პირველი და სრულიად ახალი ნოვატორული პროექტის , ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებგვერდის "bravissimo.ge"-ს პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც "ბრავო რეკორდსში" აცხადებენ, ვებპორტალის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ლიცენზირებული მაღალი ხარისხის როგორც უცხოური, ასევე ქართული მუსიკა. მსოფლიო ფასების სტანდარტებთან შედარებით საკმაოდ დაბალ ფასებში.
"ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტის, ზაზა შენგელიას განცხადებით, საიტი უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველოში ხელი შეეწყოს, რომ მუსიკალური ინდუსტრია შედგეს, როგორც ბიზნესის სრულფასოვანი დარგი.
"ვფიქრობ, ეს საიტი უმნიშვნელოვანესია, რათა ხელი შეუწყოს იმას, რომ მუსიკალური ინდუსტრია შედგეს, როგორც ბიზნესის სრულფასოვანი, მომგებიანი დარგი და მუსიკოსებს, ტექსტის ავტორებს, მომღერლებს, არანჟირების ავტორებს მიეცეთ საშუალება თავიანთი გაწეული შრომის შესაბამისად ჰქონდეთ შემოსავლები, რასაც დღეს ისინი მოკლებული არიან. რა თქმა უნდა, bravissimo.ge-ს დასჭირდება სერიოზული მხარდაჭერა სამთავრობო სტრუქტურების, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, რომ შეიცვალოს სიტუაცია სასიკეთოდ. სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ "ბრავისიმო.გე" მომხმარებლისთვის, ყველა თაობისა და ყველა ასაკისთვის ძალიან საინტერესო იქნება", - აღნიშნა ზაზა შენგელიამ.
ლიცენზია უცხოურ ქონთენთის ონლაინ გაყიდვაზე bravissimo.ge-მ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი Record Label-ისგან SONY MUSIC-ისგან შეიძინა.
გარდა ამისა, ვებ-გვერდზე სხვა პროდუქტებიც იქნება, რომელიც მუსიკასა და მუსიკალურ ბიზნესს უკავშირდება. ეს არის: ქართული და უცხოური მუსიკალური ინდუსტრიის და ზოგადად შოუ-ბიზნესის ცხელ-ცხელი და ხშირად ექსკლუზიური ახალი ამბები; მუსიკალური ივენთების და ცოცხალი კონცერტების ყოველდღიური აფიშა; ქართული და უცხოური მუსიკალური ჩარტები (მუსიკოსი შემსრულებლების მიერ გამოშვებული CD ალბომების და სინგლების ყოველთვიური რეიტინგები); ყველაზე პოპულარული ქართული ჰიტების კარაოკე ვერსიები; რინგბექტონები მობილური ტელეფონებისთვის; მრავალფეროვანი ქართული და უცხოური სასიმღერო კრებულები; სხვადასხვა პოპულარული ქართველი და უცხოელი მუსიკოსების სახელზე გამოშვებული ფან-აქსესუარები - მერჩენდაიზინგი; მუსიკალური მემორაბილია ცნობილი ქართველი მუსიკოსების მიერ ნაქონი ნივთები; ფიზიკური CD ალბომები ადგილზე მიტანით.
"ბრავო რექორდსი" თითქმის 3 წელია მუშაობს საქართველოს უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერებთან "კავკასუს ონლაინთან" და კომპანია "ბრენდინგ.ჯი"-სთან ერთად საქართველოში პირველი მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ-გვერდის bravissimo.ge-ს შექმნაზე. ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია იქნება ყველაზე ახალი, ექსკლუზიური, 100% -ით ლეგალური, ხარისხიანი და იაფი საქართველოში.
ამასთან, "ბრავისსიმო.გე" ნებისმიერ მელომანს ან უბრალოდ მუსიკით დაინტერესებულ ადამიანს შეუქმნის კომფორტულ გარემოს, რომელიც იქნება ინფორმაციისა და გართობის წყარო, თანამოაზრეების პოვნისა და ურთიერთობის საშუალება.
bravissimo.ge-ს მეშვეობით ჩამოყალიბდება მომხმარებლის მუსიკასთან ურთიერთობის სრულიად ახალი კულტურა საქართველოში. ვებ-გვერდის ქართული ქონთენთი (მუსიკა, კარაოკე, მერჩენდაიზინგი, მემორაბილია, CD ალბომები) ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციისთვის, რაც მათთვის ერთგვარი სულიერი კავშირი იქნება საქართველოსთან.
პროექტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა: "63 ბიტი", "კარაოკე.ჯი" და "ჯეოლაინი".
პრეზენტაციას დაესწრო სპეციალურად მიწვეული სტუმარი, "Sony music"-ის რეგიონული მმართველი დირექტორი, არინა სუხოვა. ასევე პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ალა-ფურშეტი და მუსიკოსებმა ცოცხლად იმღერეს.