საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში", 31 მაისს, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს, 17 წლის ქართველ ჩელისტს სანდრო სიდამონიძეს მასპინძლობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, სანდრო სიდამონიძე 13 წლის იყო, როდესაც "American Protege"გამარჯვებული გახდა და მონაწილეობა მიიღო კარნეგი ჰოლის სცენაზე გამართულ გალა კონცერტში.
31 მაისის კონცერტზე შესრულდება: იან სიბელიუსის Finlandia სიმფონიური პოემა თხზულება 92. ედვარდ ედგარის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის E მინორ, თხზულება 85. ანტონინ დვორჟაკის სიმფონია #9 E მინორ, ახალი სამყაროდან თხზულება 95, B178.
კონცერტს რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
ფესტივალს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოადგენენ.
ყოველ შაბათს, ივნისის ბოლომდე ქართველი მსმენელისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩელისტები შეასრულებენ ჰაიდნის, შუმანის, დვორჟაკის, ელგარის, ჩაიკოვსკის, შნიდკეს, შოსტაკოვიჩისა და ყანჩელის ნაწარმოებებს.
17 მაისს ფესტივალი გახსნა ლეგენდარულმა ჩელისტმა ნატალია გუტმანმა, რომელმაც ალფრედ შნიტკეს მიერ საგანგებოდ მისთვის შექმნილი თხზულება Concerto Grosso № 2 შეასრულა.
24 მაისს კი გია ყანჩელის "დიპლიპიტო" ჩელოს, ხმისა და სიმფონიური ორკესტრისათვის სახელგანთქმულმა ჩელისტმა ბორის ანდრიანოვმა წარუდგინა მსმენელს.
რაც შეეხება სანდრო სიდამონიძეს, ის 7 წლის ასაკიდან ეუფლება ჩელოზე დაკვრას. ადრეული ასაკიდანვე აქტიურად მართავს კონცერტებს და მონაწილეობს კონკურსებსა და ფესტივალებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არის არაერთი პრიზის მფლობელი.