რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს დღეს გამართულ შეხვედრაზე აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ

რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესთან პირველ შეხვედრაზე აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.

რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ ახლად დაარსებული სააგენტოს საქმიანობისა და მიზნების შესახებ ისაუბრა, ასევე საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის, მოადგილე ლელა ჯეჯელავა წარადგინა. ამის შემდეგ მან შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, უმჯობესი იქნებოდა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელებულიყო და მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მისცემოდათ.

"ზოგადად ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გადმოდგმული იქნება სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ვაფასებთ დადებითად. თუმცა დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, რელიგიურ უმცირესობებს თუნდაც მილოცვის საშუალება რომ ჰქონოდა, კარგი იქნებოდა. ეს იყო ერთ-ერთი უარყოფითი გამოხატულება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თანამშრომლობა უფრო დადებითი იქნება. სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ფორმატი მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე მერაბ გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დამოკიდებულებიდან შეიძლება კარგად გამოჩნდეს სააგენტოს პოზიცია, რამდენად აპირებს იგი რელიგიურ უმცირესობებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

"დისკუსია აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ამ ფორმატში გაგრძელებულიყო შეხვედრა. სამწუხაროდ, ჩვენც ვერ გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ თვითონ მოგვეთხოვა ან შეგვეთავაზებინა ეს დისკუსია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ასეთი დამოკიდებულებიდან შეიძლება ჩანდეს სააგენტოს პოზიცია, რამდენად აპირებენ ისინი ჩვენთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას. მათი მხრიდან უნდა დასმულიყო შეკითხვები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი უნდა ჰქონოდათ", - აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.

თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ დიპლომატიური კორპუსის წინაშე დისკუსიის გამართვა მიზანშეწონილი არ იყო და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდება.

"თუ შენიშვნა არის გამოთქმული, ბუნებრივია, მივიღებთ და გავითვალისწინებთ მომავალში. უკვე გათვალისწინებულია სააგენტოსთან ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობა, რელიგიათაშორისი კონფესიების საბჭოს შექმნა, ექსპერტთა საბჭოს შექმნა. ეს ყოველივე გათვალისწინებული გვაქვს, ოღონდ სამუშაო გარემოში. დღეს საკუთარი თავის პრეზენტაცია გავაკეთეთ. აქ ამ ფორმატში დისკუსია და პოლემიკა არ იყო გათვალისწინებული, საელჩოების თანდასწრებით ეს ცოტა უხერხული იქნებოდა", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პრემიერ-მინისტრთან ცოტა ხნის წინ დაფუძნდა და მის მიზანს ქვეყანაში "სწორი რელიგიური პოლიტიკის" წარმართვა, ასევე მთავრობისთვის რელიგიურ სფეროში საინფორმაციო, სარეკომენდაციო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს