ლეგენდარული ქართველი ველომოგზაური და მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს ჯუმბერ ლეჟავას ოჯახს, მეგობრებსა და სპორტულ საზოგადოებას.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯუმბერ ლეჟავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბუნების დაცვის ელჩი იყო, 2009 წელს მსოფლიოს წლის ადამიანად დაასახელეს, იყო თბილისისა და რუსთავის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ასევე, ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის მედლებით, არის საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი.
მას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით 23 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭა.
ჯუმბერ ლეჟავამ 1993 წლიდან 2002 წლის ჩათვლით მსოფლიოს შვიდივე კონტინენტის 240 ქვეყანაში ველოსიპედით იმოგზაურა და გახდა პირველი, ვინც ეს მოახერხა - უწყვეტად 3333 დღის განმავლობაში გაიარა 285 ათასი კილომეტრი. გარდა ამისა, მას არაერთი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული იატაკიდან მკლავებზე აზიდვაში.