საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკადასტრო მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გეოდეზიის სფეროს განვითარებასა და საკადასტრო სტანდარტების შექმნაზე აქტიურად მუშაობს.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამის წინა პირობა ქვეყანაში GEO CORS სისტემის შექმნა იყო. პროექტი 2010 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მის ფარგლებში სადგურების ქსელის შექმნა და გახშირება ყოველწლიურად მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 20 სადგური, აქედან 7 ა კლასის სადგური მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 13 ბ კლასის სადგური სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას. წლის ბოლომდე დაგეგმიალია კიდევ 3 ბ კლასის სადგური დამონტაჟება ეკონომიკურად აქტიურ ზონებში.
სადგურების ქსელის გახშირება ხელს შეუწყობს მიწის აზომვითი ნახაზების მაქსიმალურ სიზუსტეს, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება მონაცემთა ხარისხზე, რეგისტრაციის პროცესსა და საკადასტრო ბაზის სრულყოფაზე.
CORS-ის სისტემა შესაძლებელს ხდის მიწის აზომვას დაჩქარებული მეთოდით და გაცილებით იაფი აღჭურვილობით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომვებლო კომპანიების ბიზნესის განვითარებას, ხოლო მოქალაქეებისთვის აუმჯობესებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტესა და ხარისხს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარი მონაცემია.
პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული სამუშაოების, საკადასტრო გადაღებების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისათვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.
დღეისათვის GEO CORS-ის სისტემაში ჩართულია საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კომპანიები, რომლებიც ქსელს 2011 წლიდან უფასოდ იყენებენ.
ვინაიდან აღნიშნული სისტემის შენახვა, განვითარება და მდგრადობა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, პროექტის შემდგომ ეტაპზე საჯარო რეესტრი გეგმავს ოპტიმალური საფასურის დაწესებას კერძო სექტორისთვის.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა, საქართველოში რამდენიმე ასეული კერძო საამზომველო კომპანია არსებობს, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელსაც ეს კომპანიები ასრულებენ, ხშირად არ შეესაბამება ხარისხისა და სიზუსტის დღევანდელ მოთხოვნებს.
"არასაკმარისი და უხარისხო გრაფიკული მონაცემების გამო კი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ფერხდება, მიწის ნაკვეთების გადაფარვის ალბათობა და შესაბამისად, სამეზობლო დავების რაოდენობა იზრდება. საბოლოოდ უნდა აღიკვეთოს ერთი ცუდი პრაქტიკა: ზოგიერთი კომპანია ადგილზე საერთოდ არ გადის და გუგლის რუკიდან ზომავს მიწებს, რაც რეგისტრაციის პროცესში მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და ქვეყანაში ერთიანი საამზომველო სტანდარტის დასანერგად აქტიურად ვმუშაობთ. ამ სტანდარის და ხარისხიანი, ზუსტი მონაცემის მიღების ერთ-ერთი თანამედროვე, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიაა GEO CORS-ის ქსელი, რომელიც ნაკლები დანახარჯითა და მარტივი ტექნიკური მოწყობილობით შესაძლებელს ხდის მაქსიმალური სიზუსტით მივიღოთ საჭირო მონაცემები", - აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.