ლევან ბერძენიშვილი - მე შემიძლია, სააკაშვილს ჩემი წილი ვაპატიო, მაგრამ ქართველი ხალხი ვერ აპატიებს

უაზრო დაპატიმრების მომხრე არავინ არის, მაგრამ საქმეების გახსნისა და ბრალის წაყენების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, დღეს როგორ აფასებს ბერძენიშვილი ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად აცხადებდა - ექსპრეზიდენტის "რეიტინგი, სამწუხაროდ, უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს".

"მე არ მგონია, რომ პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდეს, ლევან ბერძენიშვილიმა რა თქვა. მაშინაც, მე მგონი, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. საქართველოს რეიტინგზე მაღალი რეიტინგი შეიძლება მოიპოვო დროებით, მთელი ცხოვრება ვერ გექნება. ცალკეული პირები უფრო ცნობილნი არიან, ვიდრე ცალკეული ქვეყნები, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამ შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ ჯერ ერთი, ძალიან სერიოზულად გამოსწორდა ვითარება და მეორეც, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე კი არაა საუბარი, არამედ იმ დანაშაულზე, რომელიც გაიხსნა. 2007 წლის 7 ნომბერს რომ დანაშაული მოხდა, საქართველოში თუ ვინმესთვის დიდი საიდუმლოა, ჩემთვის ეს საიდუმლო არ იყო. ეს დანაშაული გაიხსნა და აჩვენა სავარაუდო დამნაშავეები. ვინმეს რომ ეთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო იყო ამაში, გამიკვირდებოდა. რადგან ჩემი ციტატით დაიწყეთ, ჩემს სხვა ციტატას შეგახსენებთ, ცოტა უფრო ადრე ნათქვამს. 2007 წლის მოვლენების შეფასებისას, მაშინვე, ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ არ ვიცი, რამდენი წელი გავა, მაგრამ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს არასდროს აპატიებს, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, უაზრო დაპატირმების მომხრე არავინ არის, მაგრამ საქმეების გახსნისა და ბრალის წაყენების წინააღმდეგი თავად არასდროს ყოფილა და მითუმეტეს, 2007 წლის 7 ნომბრის საქმეზე. ბერძენიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით თავისი "პატარა ინტერესიც" აქვს, ვინაიდან მაშინდელმა ხელისუფლებამ ის რუსეთის აგენტად გამოაცხადა.

"მე შემიძლია, სააკაშვილს ჩემი წილი ვაპატიო, მაგრამ ქართველი ხალხი ვერ აპატიებს, რადგან, თუ ეს ეპატიება მიხეილ სააკაშვილს, ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელსაც რამე არ მოეწონება, დაარბევს საკუთარ ხალხს. 2007 წელს მასობრივად დაირღვა ადამიანის უფლებები, საქართველოს ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა, ცალკეულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიოების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, პარლამენტის დანაშაულიც იკვეთება. "იმედის" დარბევას და საგანგებო სიტუაციის გამოცხადება – ეს ყველაფერი უკანონო, უსინდისო და არაადამიანური რომ იყო, ამას რათ უნდა ლაპარაკი? ნებიმისიერ პოლიტიკური ფიგურა მიხვდებოდა ამას და სააკაშვილიც მიხვდა და გადადგა, მაგრამ მერე ისარგებლა მომენტით და ისევ დაგვიბრუნდა გაყალბებით და ა.შ. ასე რომ, 2007 წელთან დაკაშვირებით სააკაშვილის ბრალი ჩემთვის ნათელია, დანარჩენი არის სასამართლოს ხელში. მე არა ვარ მომხრე, რომ გამოვალპოთ ციხეში, მაგრამ მომხრე ვარ, ყველა დანაშაული გამოძიებულ იქნას, ყველა დამნაშავე გამოვლინდეს და მერე ხელისუფლება როგორ მოექცევა, ვის შეიწყალებენ და ვის აპატიებენ, სხვა საკითხია. მე პირადად მგონია, რომ რადგან ეს კაცი არ ჩამოდის, ის საფრთხე, რომ სააკაშვილს დაპატიმრებენ, უბრალოდ არ დგას. რაც შეეხება დანაშაულში მხილებას, ჩვენ წარვუდგინთ მსოფლიოს, რა მასალებიც გვაქვს და თუ ვინმე გვეტყვის, რომ პრეზიდენტები უნდა შევარდნენ ხოლმე ტელევიზიებში, ქალებს სცემდნენ, ყველა პროგრამას ხურავდნენ და ამისთვის ტაში უნდა დავუკრათ, ჩვენ მსოფლიოს ყურადღებით მოვუსმინეთ, მაგრამ ამას ხომ არავინ არ გვეტყვის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას რუსეთის შეკვეთად გამოაცხადებს, თუმცა მას ექნება კონტრშეკითხვა – ვისი დავალებით კეთდებოდა ის, რაც კეთდებოდა 2007 წელს, იქნებ ის იყო პუტინის დავალებით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია