პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ორი ახალი საწარმო შეიქმნება

საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, პირველ ორ ბენეფიციართან ხელშეკრულება გააფორმა, რის შედეგადაც ორი ახალი საწარმო შეიქმნება.

"მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" და ბანკების მიერ ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიებთან - შპს "დენოლა" და შპს "ჯი-არ-სი".

ორივე შემთხვევაში საქრთველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10 პროცენტის თანადაფინანსებას.

"აწარმოე საქართველოში" პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს წარმოადგენს შპს "ჯი-არ-სი", რომელზეც ორი მილიონი დოლარის კრედიტის გაცემა უზრუნველყო "პროკრედიტბანკმა", დათბუნებული პანელების საწარმოს მშენებლობისთვის.

საწარმოს მშენებლობა გაგრძელდება 7-12 თვის განმავლობაში, სადაც დასაქმებული იქნება 25-მდე ადამიანი, ხოლო უშუალოდ საწარმოს ამუშავებისას 35-მდე კაცი დასაქმდება.

კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დათბუნებული პანელების წარმოება წარმოადგენს მსოფლიოში გავრცელებულ ტექნოლოგიას და გამოირჩევა როგორც ხელმისაწვდომი ფასით, ისე - ენერგოეფექტურობით. დღეისათვის საქართველოს ბაზარზე აღნიშნული პანელების 90 პროცენტი იმპორტირებულია. შესაბამისად, კომპანია გეგმავს პროდუქციის 85 პროცენტის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას, ხოლო 15 პროცენტის ექსპორტზე გატანას.

შპს "დენოლაზე" ორი მილიონი დოლარი სესხის გაცემა "საქართველოს ბანკმა" უზრუნველყო.

პროექტის ფარგლებში, მომდევნო 8 თვის განმავლობაში პარალონის საწარმო აშენდება. საწარმოს მშენებლობისას დასაქმდება 35-40 ადამიანი. საწარმოს ამუშავების შემდეგ კი - დასაქმდება სულ მცირე 50 ადამიანი. ამ ეტაპზე პარალონის 10 პროცენტის იმპორტი ხორციელდება, შპს "დენოლა" დასაწყისისთვის გეგმავს ადგილობრივი ბაზრის 80 პროცენტის წილის დაკავებას, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტის განხორციელებაც.

როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე ითქვა, პროდუქციას დამატებით ღირებულებას მატებს ის ფაქტი, რომ პარალონის შესაქმნელად გამოსაყენებელი ნედლეულით შესაძლებელია სხვა ტიპის პროდუქციის წარმოება, მათ შორის, წებოსა და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, რომლის თქმითაც, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღეს უკვე 10 ბენეფიციარია, რაც ნიშნავს 10 ახალ საწარმოს, ათობით ახალ სამუშაო ადგილს და ახალ პროდუქციას, რომელიც პირველ რიგში თავს დაიმკვიდრებს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე მოხდება ექსპორტი და საერთაშორისო ბაზრების ათვისება.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს ორ ბენეფიციართან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც მთავრობა სესხის 10 პროცენტით თანადაფინანსებას მოახდენს. ბოჭორიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ასეთი მექანიზმების დანერგვა, რადგან ეს ხელს უწყობს ახალი საწარმოების გაჩენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი პროდუქციის წარმოებას.

"იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდება და შეიქმნება ბევრი საწარმო საქართველოში", - აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა