გარდაცვლილის სახელის, პატივისა და ღირსების შელახვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა ექნება.
კერძოდ, პირს შესაძლოა, შესაძლებლობა მიეცეს, ცილისწამების თაობაზე სასამართლოს იმ შემთხვევაშიც მიმართოს, თუკი ცილისწამების ობიექტი გარდაცვლილია და პირს გარდაცვლილის სახელის, პატივისა და ღირსების დაცვის ინტერესი აქვს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა დაუშვებელი იქნება.
ამ მიმართულებით ცვლილებები "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში შედის, რომლის დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების (რეპუტაციის) დაცვას ეხებოდეს.
პროექტის ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და მისი პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე არიან. კანონპროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი თამარ მესხია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მომზადება იმ კონსტიტუციურმა სარჩელებმა განაპირობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წარდგენილი და გარდაცვლილი პირის ცილისწამების თაობაზე მისი რეპუტაციის დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის აკრძალვას ეხება.
კანონში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში პროექტის ავტორი ყურადღებას "სამოქალაქო კოდექსზე" ამახვილებს, რომლის თანახმადაც, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან დაიცვას. ამავე კოდექსით, აღნიშნული უფლებები "შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც". განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ "სამოქალაქო კოდექსის" ეს ნორმა უზრუნველყოფს ადამიანის პატივისა და ღორსების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას, მათ შორის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" უფრო გვიან მიღებულმა კანონმა ეს უფლება "მკვდარ" ნორმად აქცია, რადგან დაადგინა, რომ ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება გარდაცვლილი პირის რეპუტაციის დაცვას ეხებოდეს.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პროექტის ავტორმა თამარ მესხიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელი წარდგენილი აქვს იური ვაზაგაშვილს. კერძოდ, მისი ცნობით, გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იური ვაზაგაშვილმა სამოქალაქო კოლეგიას მიმართა, მაგრამ სასამართლომ განხილვაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის გათვალისწინებით, გარდაცვლილი პირის ცილისწამებაზე სასამართლო დავა ვერ გაიმართებოდა.