თურქმენეთში, ქალაქ აშხაბადში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია "ტრანსპორტისა და სატრანზიტო დერეფნის როლი საერთაშორისო თანამშრომლობის,სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების საკითხებში" გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია თურქმენეთის მთავრობის, გაერთიანებული ერების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (UNECE), გაეროს ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (UN ESCAP) და საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU) ერთობლივი მხარდაჭერით შედგა. კონფერენცია ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნების როლი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად და სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნების როლი მდგრადი განვითარებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო სატრანსპორტო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძის ხელმძღვანელობით.
კონფერენციის პირველ დღეს ნათია მიქელაძე მოხსენებით წარსდგა თემაზე: "საქართველოსთვის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად". ამასთან, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ინვესტორების მოზიდვის მიზნით და პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად წარადგინა პრეზენტაცია ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და სს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის ფარგლებში ავღანეთის მხარის ინიცირებით ასევე გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ავღანეთის ქვეყნებს შორის, სადაც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის სატრანზიტო გადაზიდვების განვითარების და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის პერსპექტივები.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მიიღეს დეკლარაცია ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის ხელშეწყობის და ინტერმოდალური გადაზიდვების განვითარების თაობაზე.