სახელმწიფოს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, საქართველოში აშენდება მეჩეთი, ის აშენდებაქართული ფულით, ქართული სახელმწიფოს მიერ, მაგრამ მას არ ერქმევა აზიზიე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ მეჰმედ გორნიზისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ამით ზაზა ვაშაყმაძე აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად სად აშენდება მეჩეთი და როდის დაიწყება მისი მშენებლობა.
რაც შეეხება თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროს შორის მიღწეულია შეთანხმება და პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, თურქეთში იშხანისა და ოშკის რესტავრაცია და აღდგენა მიმდინარეობს, ხოლო ამის პარალელურად ახალციხეში ახმედიეს მეჩეთის რესტავრაცია და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებაზე თავის დროზე მოლაპარაკება მიღწეული.
"ეს პროცესი გრძელდება. თურქეთში ერთი ეკლესიის რესტავრაციის სამუშაოები დამთავრდა. რესტავრაცია ისე ჩატარდა, რომ ძეგლი თავის ორიგინალურ სახელს შეესაბამება", - განაცხადა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეჰმედ გორმეზი დღეს საქართველოს პატრიარქს შეხვდა. მეჰმედ გორმეზი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის ხელისუფალთა შეთანხმების შესაბამისად ახალციხეში არსებული ახმედის, ასევე ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება.