კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Fest I Nova 2014-ს გახსნის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება 14 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ "არტ-ვილა გარიყულას" ორგანიზებით ეწყობა.
"წლევანდელი, მე- 6 ფესტივალის თემა - Opus Mixtum თანამედროვე ხელოვნების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებდა. შერეული ტექნიკა თუ მულტიმედიური ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი სახასიათო ფორმატია და უფრო გაფართოებულ შინაარსებს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ მასალების, ან ტექნიკური აღჭურვილობის შერევაა", - აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ექსპოზიცია წარმოადგენს როგორც არქიტექტურულ მოტივებზე აგებულ კონსტრუქცია-სკულპტურებს, ასევე სხვა ტიპის ნამუშევრებსაც - ინსტალაციებს, ვიდეო არტსა და პერფორმანსებს.
"სხვადასხვა სახით გამოვლენილი მხატვრული სინთეზი მთავარი კომპონენტია ფესტივალზე წამორმოდგენილი ნამუშევრებისთვის, თუმცა, მონაწილეები არ არიან შეზღუდული რაიმე სახის მკაცრი მოთხოვნებით - მთავარი განმსაზღვრელი თავისუფლების ხარისხი და ნამუშევრით დემონსტრირებული არტისტული ხედვაა.
Opus Mixtum არტ-ვილა გარიყულას საექსპოზიციო სივრცეში რამდენიმე ეროვნულ პავილიონს გააერთიანებს; წარმოდგენილი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიისა და საფრანგეთის პავილიონები. ამასთან ერთად, ინსტიტუტ "სტრელკას" (მოსკოვის არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტი) პროექტი. ყველა პავილიონი კონცეპტუალურია და გარიყულაში კონკრეტული ქვეყნის მუდმივი კულტურული სივრცის შექმნას გულისხმობს", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალის კურატორია მხატვარი და არტ-ვილა გარიყულას დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე. OPUS MIXTUM იდეის ავტორები არიან ყარამან ქუთათელაძე და არტ კრიტიკოსი ხათუნა ხაბულიანი.