თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ თითქმის ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.
აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა თენგიზ ფხაკაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, არსებობს საშიშროება, რომ ბრალდებულები მიიმალონ, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მტკიცებულებების განადგურებას შეეცადონ.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვეს. ამასთან, დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. მათი განცხადებით, ისინი გულწრფელად ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. როგორც მათ განმარტეს, ამ დანაშაულის ჩადენა გამოწვეული იყო იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, რომელიც მსაჯებს აქვთ. მათივე თქმით, თამაშზე ისინი მხოლოდ 60 ლარს იღებენ, რაც სრულიად არ არის საკმარისი.
ბრალდებულები არიან ოთარ ხეთაძე, ირაკლი ურუშაძე, მამუკა ურუშაძე, თეიმურაზ ხუჭუა, ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკაროღლი, ონისე მოლოდინაშვილი და თორნიკე გვანცელაძე. წინასასამართლო სხდომა მსაჯების საქმეზე 13 ნოემბერს, 11.00 საათზე ჩაინიშნა.