თბილისი Photo Festival 2014 1-ელ ოქტომბერს აბანოთუბანში, ლეღვთახევში გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს , თბილისის Photo Festival 2014 უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გაიხსნება. "ორი ნაპირი: უკრაინა 2014"-ის ავტორი ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩია. პოლონელი ფოტოგრაფის ობიექტივში ევრომაიდანი, ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები მოხვდა.
თბილისი Photo Festival 2014-ის ფარგლებში, "თიბისი გალერეაში" მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". 20-ე საუკუნის ლეგენდის, უნგრელი ფოტოგრაფის, ომის რეპორტიორისა და სააგენტო "მაგნუმის" შემქმნელის რობერტ კაპას მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოების სერია საგანგებოდ ფოტოგრაფის გარდაცვალების 60 წლისთავთან დაკავშირებით გამოიფინება.
ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. 2014 წლის ფესტივალის პროგრამით გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე - "ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ".
თბილისი Photo Festival-ს პარტნიორები და მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო და ქალაქ თბილისის მერიაა. ასევე: პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, "არდი", "ძველი თბილისი".
ამასთან, მწერალთა სახლში დღეს თბილისი Photo Festival 2014-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. მასში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, თბილისი Photo Festival 2014-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, პოლონეთის ელჩი ანდრჟეი ჩიეშკოვსკი და პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩი მიიღებენ მონაწილეობას.