ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორთან თეიმურაზ ხარაშვილთან ერთად სასწრაფო დახმარების ახალი მანქანების აღჭურვისა და გაფორმების პროცესს დაესწრო და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდა.
აღჭურვის პროცესთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანებში გათბობის სისტემაც დამონტაჟდება. სპეციალურად ამისთვის თბილისს კომპანია "ფორდის" წარმომადგენელი ეწვევა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს 12 ავტომობილის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა მოხდა. კომპანია "ჯითი გრუპი" ცენტრისთვის ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს, მანქანების მომდევნო ნაკადს 20 ოქტომბარმდე შემოიყვანს. ავტომობილები აღჭურვისა და გაფომრების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაინულ ცენტრებში გადანაწილდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სამუშაოები სისტემურად მოაგვარებს რაიონული სასრწაფო დახმარების სამუშაოს. "ის გეგმა, რომელიც წლის დასაწყისში იყო გაწერილი, ხორციელდება. ამჯერად ეს შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოპარკის 100%-ით განახლებას. ეს პროცესი უკვე დაიწყო. მანქანების პირველი პარტია ჩამოსულია, ახლა მიდის მათი შიდა მოწყობა სპეციალური აღჭურვილობით. პირველი განაწილება რაიონების მიხედვით დაიწყება ოქტომბრის ბოლოდან, წლის ბოლომდე უკლებლივ ყველა რაიონში მთლიანად განახლდება ავტოპარკი. ეს არის თანამედროვე მანქანები, რომლის ტექნიკური მონაცემები ადაპტირებულია და გათვალისწინებულია რელიეფი და ურთიერთჩანაცვლება. ეს სისტემურად მოაგვარებს რაიონული სასწრაფო დახმარების მუშაობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მომდევნო წლის დასაწყისისთვის სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფოს 220 ძველი მანქანა ახალი სერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტომობილით ჩანაცვლდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რაიონებში გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით გადანაწილდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალი ფორმებიც დაურიგდებათ.