ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2014

საზარელი ტრაგედია ილიაუნში, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ და აფხაზები ფრონტის ერთ მხარეს ვართ და მეორე მხარეს რუსეთია"

რა იდეა აქვს პრემიერს

***

საზარელი ტრაგედია ილიაუნში, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა

"თვითმხილველთა გადმოცემით, მამაკაცი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უნივერსიტეტის აუდიტორიებში ეძებდა ყოფილ მეუღლეს. ბოლოს იპოვა და დერეფანში გამოიყვანა სალაპარაკოდ. მოკლე, მაგრამ ხმაურიანი კამათის შემდეგ კი ორი ტყვია დაახალა და მერე თავი მოიკლა. წელს უკვე დაახლოებით 20-მდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ქალი ქმარმა, ყოფილმა ქმარმა ან შეყვარებულმა მოკლა. თუმცა გუშინდელი ტრაგედია თავისი ფორმით განსაკუთრებით შემზარავი იყო - მკვლელობა მოხდა დედაქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, ლექციების მსვლელობისას, სტუდენტების თვალწინ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოკლული ლექტორი საბედისწერო გასროლის წინ საშველად სტუდენტებს ეძახდა / საზარელი ტრაგედია ილიაუნში, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა.

"მოკლულია 33 წლის მაკა წივწივაძე. იგი "ბრიტანულ საბჭოში" მუშაობდა და პარალელურად ილიაუნში ინგლისურის ლექციებს კითხულობდა. მისი ახლობლებისა და ოჯახის ცნობით, მისი ყოფილი მეუღლე ლაშა მაღრაძე ნასამართლევია და ის პატიმრობიდან ამნისტიით არის გათავისუფლებული. მაღრაძე წივწივაძის მეორე ქმარი იყო, მათ საერთო შვილი არ ჰყავდათ. მაკა წივწივაძეს კი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ტრაგედიის შედეგად უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ჩატარდა ექსპერტიზაც. უნივერსიტეტში კი არავის უშვებდნენ. მკვლელობის ადგილის დათვალიერება შეუძლებელი აღმოჩნდა "რეზონანსისთვისაც". უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურმა შენობაში არ შეგვიშვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს მამაკაცი წივწივაძეს ყველა აუდიტორიაში დაეძებდა. როდესაც იპოვა, მას გარეთ გასვლა სთხოვა. წივწივაძე მის სურვილს დაემორჩილა, თან აეროზოლი აიღო, რომელსაც თავდაცვის მიზნით მუდამ თან ატარებდა. აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ყოფილ მეუღლეებს შორის ხმაურიანი შელაპარაკება იყო. შემდეგ წივწივაძემ დასახმარებლად სტუდენტებს უხმო. სანამ ბავშვები ლექტორის მისახმარებლად გავიდნენ, გაისმა სროლის ხმაც. ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა - ერთი თავში და მეორე კისერში, შემდეგ კი თავი მოიკლა. ბავშვები ტიროდნენ, შოკირებულები იყვნენ. ფსიქოლოგიურად როგორია როცა ასეთ ტრაგედიას ხედავ?! ცოტა ხანს იყვნენ აქ და ყველანი წავიდნენ. ინციდენტი მეორე სართულზე, 212-ე აუდიტორიასთან მოხდა. ყველგან ვიდეოკამერები აყენია, ალბათ ამოიღებენ კადრებს და ყველაფერი გამოჩნდება რა და როგორ მოხდა", - ყვება "რეზონანსთან" საუბარში ილიაუნის ერთ-ერთი სტუდენტი.

"რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წივწივაძესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ილიაუნშიც იცოდნენ და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური გაფრთხილებული იყო, რომ მაღრაძე შენობაში არ შეეშვათ. თუმცა, დაცვის სამსახურში ეს ცნობა არ დაგვიდასტურეს. "არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია - ის აღმოჩნდა უნივერსიტეტში. არც კი იცოდა, რომელ აუდიტორიაში ჰქონდა ლექცია მაკას. პოლიციამ ჩაატარა ექსპერტიზა, შედეგები ალბათ მალე გახდება ცნობილი. ვიცი, რომ ვიდეოთვალით გადაღებული კადრებიც დაათვალიერეს. კადრებში ჩანს როგორ დადის ერთი აუდიტორიიდან მეორეში მამაკაცი და მაკას დაეძებს... შემდეგ კი ეს ტრაგედია მოხდა", - ამბობს ჩვენთან საუბრისას ილიაუნის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის ინფორმაციითაც წივწივაძე მეუღლეს თვენახევრის წინ დაშორდა, მას შემდეგ ქმარი მას სულ ემუქრებოდა და ამის შესახებ ინფორმირებული იყო შსს-ც.

"ხან მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. რამდენჯერმე პირადი საუბრის დროსაც დაემუქრა. კონკრეტულად რაზე ჰქონდათ დავა ვერ გეტყვით. ვიცი, რომ პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა, მაგრამ კონკრეტულად რას, ეს არ ვიცი", - აღნიშნა მან.

"რეზონანსმა" უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურთან გასაუბრებაც სცადა, თუმცა, როგოც მათ გვითხრეს ინფორმაციის გაცემა აკრძალული აქვთ. კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა საშვის გარეშე უცხო ადამიანის შესვლა შენობაში, არ გვიპასუხეს. "ვერაფერს გეტყვით. ინფორმაციის გაცემა გვეკრძალება. ეს ინციდენტი პირველი არ არის, რომელიც უნივერსიტეტში მოხდა. ცოტა ხნის წინ გოგონა კიბიდან ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც გადმოაგდეს", - აღნიშნეს მათ.

"რაც შეეხება დაცვის სამსახურის გაფრთხილებას, რომ მაღრაძე შენობაში არ შეეშვათ, დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ილიაუნში გუშინ მორიგეობდა, განგვიცხადა, რომ ამაზე არაფერი იცის. "ვინ გითხრათ ეს? არ ვიცი, შესაძლოა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა იყო გაფრთხილებული. პირადად მე არავის გავუფრთხილებივარ. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ პოლიციას და ის გაგცემთ პასუხს", - გვითხრა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა პირად საუბარში.

"შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მაკა წივწივაძემ პოლიციას ორჯერ მიმართა, რომ მას ყოფილი ქმარი ემუქრებოდა. წივწივაძე განცხადების დასაწერად პირველად 22 სექტემბერს, რუსთავის განყოფილებაში, მეორედ 26 სექტემბერს კი, დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში იმყოფებოდა. "მარიამ წივწივაძემ პოლიციას ორჯერ მიმართა, მათ შორის პირველად რუსთავის განყოფილებას და განაცხადა, რომ მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა, შედგა გასაუბრების ოქმები, როგორც მარიამ წივწივაძესთან, ისე მის მეუღლესთან. წივწივაძე ითხოვდა, რომ მეუღლეს აღარ შეეწუხებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შემაკავებელი ორდერის გამოწერა მომხდარიყო. ლაშა მაღრაძემ პირობა დადო, რომ აღარ შეაწუხებდა ყოფილ მეუღლეს და ბოდიში მოიხადა. მეორედ მარიამ წივწივაძემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ ლაშა მაღრაძე შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა და თან შერიგებას სთხოვდა. მაღრაძე 29 სექტემბერს ამავე განყოფილებაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს, რომ თუ ყოფილ მეუღლეს ისევ შეაწუხებდა, კანონის შესაბამისად აგებდა პასუხს. ამის შემდეგ მარიამ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მიუმართავს", - განაცხადეს შსს-ში.

"გუშინ უნივერსიტეტში მაკა წივწივაძე დედამ მიაცილა. ამის შესახებ წივწივაძის მამამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. "ჩემი შვილი და მისი ყოფილი ქმარი ნაჩხუბრები იყვნენ და ყოფილი ქმარი შერიგებას ითხოვდა. ემუქრებოდა მას. საშიშროებიდან გამომდინარე მაკა უნივერსიტეტში დღეს დედამ მიაცილა", - აღნიშნა მაკა წივწივაძის მამამ.

"მაკა წივწივაძის დედის ვარაუდით, მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე მფარველობდა. წივწივაძის დედამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მისი ყოფილი სიძე, რომლის სახელი და გვარიც ასევე ლაშა მაღრაძეა, ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია. "ცოლ-ქმარი პარალელური კლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ჩემმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო. ჩემი ყოფილი სიძე მაკას ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ვატყობინებდით, თუმცა, ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა. მესიჯი გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნა დედამ.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ და აფხაზები ფრონტის ერთ მხარეს ვართ და მეორე მხარეს რუსეთია"

"მთავარი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ორივე რეზოლუციაში იყო. უბრალოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი მიმართვა ჰქონდა მთავრობისადმი, თითქოს მთავრობა გამოქვაბულში ცხოვრობდეს, არ იცოდეს, რა მტკივნეული საკითხები დგას და არ დგამდეს ადეკვატურ ნაბიჯებს. მათ უბრალოდ უნდოდათ ამის მორიგი ცრუ ელემენტებით შემოთავაზება და ირაკლი ჩიქოვანმა სწორად აღნიშნა, რომ ეს იყო "კაპრიზების რეზოლუცია" და მეტი არაფერი", - უთხრა "რეზონანსს" საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აფხაზეთის თაობაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ და აფხაზები ფრონტის ერთ მხარეს ვართ და მეორე მხარეს რუსეთია. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პარლამენტში ერთიანი პოზიცია გვქონოდა, მაგრამ "ნაცმოძრაობამ" მიზანმიმართულად მოახდინა საკითხის პოლიტიზება. არსებითი განსხვავება პოზიციებში ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, თითქოს მათ უფრო აქტიური მხარდამჭერი განცხადება ჰქონდათ", - ამბობს ირალი სესიაშვილი.

"ერთადერთი განსხვავება იყო მათი მხრიდან მთავრობისთვის მოწოდება, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რომელსაც ისედაც ვდგამთ. მათი მთავარი მოტივაცია იყო, რომ ეს მომენტი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ და ტრიბუნიდან ტყუილებთან ერთად ხელისუფლება გაეკრიტიკებინათ - თითქოს ახლა რაღაც განსაკუთრებული შანსია და თუ არ გამოვიყენებთ, ამით ხელისუფლება ქვეყანას დაღუპავს. არადა, ყველამ იცის, რომ მთავრობა ყველა დონეზე ადევატურ და პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს. სწორედ ესაა ჩვენ შორის განსხვავება, რომ ემოციური ფონის ნაცვლად, რაციონალურ პრინციპებს ვიყენებთ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ჩვენი ოკუპაციის საკითხი პიარელემენტად გამოეყენებინათ და ბრტყელ-ბრტყელი, არაფრისმომცემი სიტყვებით, მხოლოდ ემოციური ფონი გაემძაფრებინათ. რეალურად, რასაც ნაიჯეის გადადგმა ჰქვია, მათ არაფერი გაუკეთებიათ, გარდა გაფუჭებისა. ჩვენ პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვცდილობთ, ყველა რესურსის გამოყენებით რეალურ შედეგამდე მივიდეთ და არა უბრალოდ ენა მოვიფხანოთ. ჩვენს განცხადებაში ყველა მტკივნეული საკითხია განხილული და მიზანმიმართულია პრაგმატული შედეგისკენ", - განმარტავს ირაკლი სესიაშვილი.

"მთავარი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ორივე რეზოლუციაში იყო. უბრალოდ, ამ თემის პოლიტიზება იყო ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი მიმართვა ჰქონდა მთავრობისადმი, თითქოს მთავრობა გამოქვაბულში ცხოვრობდეს, არ იცოდეს, რა მტკივნეული საკითხები დგას და არ დგამდეს ადეკვატურ ნაბიჯებს. მათ უბრალოდ უნდოდათ ამის მორიგი ცრუ ელემენტებით შემოთავაზება და ირაკლი ჩიქოვანმა სწორად აღნიშნა, რომ ეს იყო "კაპრიზების რეზოლუცია" და მეტი არაფერი. პარლამენტში როდესაც ვცდილობდით, რომ ერთიანი განცხადება ყოფილიყო, იქვე იგრძნობოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ 2 განცხადება, 2 რეზოლუცია გასულიყო, რათა ეჩვენეინათ, თითქოს ჩვენ ამ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, რაც აბსოლუტურად ხელოვნური იყო", - დასძენს რესპონდენტი.

რა იდეა აქვს პრემიერს

"პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს უსაფრთხოების საბჭოში აფხაზეთის "თვითგამორკვევისათვის" შეთავაზებულ ახალი იდეა უნდა გაახმოვანოს. უფრო სწორად, პრემიერმა საზოგადოებას ამცნო არა მარტო ის, რომ მას აფხაზებისათვის შესათავაზებლად აქვს "იდეა", რომელსაც უსაფრთხოების საბჭოზე განიხილავს, არამედ აფხაზების სეპარატისტულ პოლიტიკას და ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდას "აფხაზი ერის თვითგამორკვევის 25-წლიანი ბრძოლაც" უწოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რა იდეა აქვს პრემიერს / გეგმას, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს უნდა შესთავაზოს, დღეს უსაფრთხოების საბჭო განიხილავს.

"ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი, რომელსაც აფხაზებთან კომუნიკაცია ახლაც აქვს, აცხადებს, რომ პოლიტიკური მიამიტობაა, აფხაზებს რაღაც შესთავაზო და ისინი ამაზე წამოვიდნენ. "რა უნდა შესთავაზო, გაღიარებთო, ხომ ვერ ეტყვი?! სხვა რამეს კი ისინი არ განიხილავენ", - ამბობს პაპასქირი. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, პრემიერს არანაირი იდეა არ აქვს, ეს უბრალოდ სპონტანური პოპულისტური რეაქცია იყო რუსეთის მხრიდან აფხაზებისთვის შეთავაზებული "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების" შესახებ საქართველოში მწვავედ დასმულ კითხვებზე", - აღნიშნავს გამოცემა.

"სანამ პოლიტიკურ შეთავაზებას გავაეთებთ, მანამ ნდობის ატმოსფეროს შექმნაა აუცილებელი ეკონომიკური პროექტების და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების საშუალებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების საკითხებზე საუბარი", - ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო ომისიის თავმჯდომარე, გია ვოლსკი.

"პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პრემიერის განცხადებას ქვეყნისათვის საფრთხის შემცველად აფასებს. "პრემიერის ეს განცხადება იყო მოუმზადებელი, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. პრემიერი თვითგამორკვევასა და დამოუკიდებლობაზე არ უნდა საუბრობდეს მაშინ, როდესაც მას ნახევარ მილიონზე მეტი დევნილი ჰყავს და აქვს ორი საოუპაციო რეჟიმი. იმაზე, თუ რა იდეა აქვს პრემიერს და რას სთავაზოს აფხაზებს, ამის შესახებ პირველ რიგში დიალოგი ქართულ საზოგადოებასთან უნდა გამართოს", - აცხადებს მაჭავარიანი.

"გია ვოლსკის თქმით, თვითგამორკვევასთან დაკავშირებით არაკეთილმოსურნეებმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთეს. "ეს არ არის სამართლებრივი ტერმინი, თვითგამორკვევა საქართველოს შემადგენლობაშიც შეიძლება. მართალია, აფხაზებს ამის დიდი სურვილი არ ჰქონიათ, მაგრამ მერწმუნეთ, სწორ მუშაობაზე დაფუძნებით შესაძლებელია, აფხაზებმა საქართველოს წიაღში ისაუბრონ თვითგამორკვევაზე და მათი უფლებები იყოს დაცული. სწორედ ამ თვითგამორკვევაზე იყო საუბარი", - განმარტავს გია ვოლსკი.

"როდესაც ახალ იდეებზე და ინიციატივებზეა საუბარი, ჩვენ ჰაერიდან ვერაფერს დავიწყებთ. მთავრობის ჩამოყალიბებული სტრატეგია, პოლიტიკა დღემდე არ მსმენია. განხორციელების ეტაპებზე კი საუბარიც ზედმეტია. ძალიან რთულია იმის გამოცნობა, რას გულისხმობს პრემიერი ახალ იდეაში და მას ძალიან გაუჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. ეს არის ჰიპოთეტური საუბარი ჰაერზე. არის ჟენევის ფორმატი, რომელიც არა მარტო უსაფრთხოების თემებს ემსახურება, არამედ არის იმის ადგილი, რომ მთავრობის მხრიდან მსგავსი შეთავაზებები იქნეს განხილული. თქვენ ბოლო წლებში გსმენიათ რაიმე ისეთ შეთავაზებებზე, რომელიც აფხაზებისთვის და ოსებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს? ჩვენი მხრიდან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ამ მიმართულებით კონკრეტული ნაიჯები არ ან ვერ გადადგმულა", - დასძენს ვანო მაჭავარიანი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს