საპატრიარქო "რასისკაია გაზეტას" მიერ გავრცელებულ მასალაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქო "რასისკაია გაზეტას" მიერ გავრცელებულ მასალაზე განმარტებას აკეთებს. საპატრიარქოს განცხადებით, "რასისკაია გაზეტას" მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სახელით გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი ჟურნალისტური ინტერპრეტაციის შედეგია. "ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განმარტების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ამა წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან იყო ჟურნალისტი რუსეთიდან (ციმბირიდან) ალექსანდრე იაროშენკო, რომელიც მოვიდა დასალოცად და არა ინტერვიუს ასაღებად. მოულოდნელად მან ხმის ჩამწერი მოიმარჯვა და მის უწმინდესობას კითხვით მიმართა. საუბარმა დაახლოებით სამ-ოთხ წუთს გასტანა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დანანებით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა მიუღებელია, რომ მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება იყოს, მით უმეტეს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან; ბრძანა ისიც, რომ ვიდრე აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერ აღდგება.

მისი უწმინდესობის სახელით გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი კი, ჟურნალისტური ინტერპრეტაციის შედეგია. შედარებით რეალობას ბოლო აბზაცი წარმოადგენს: ,,Одни православные . . . и благополучия".

"ინტერპრესნიუსი" ასევე სრულად გთავაზობთ "როსისკაია გაზეტას" მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც პატრიარქთან რუსი ჟურნალისტის სტუმრობას ეხება.

"Российская газета"-ს წარმომადგენელი ალექსანდრე იაროშენკო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მან ილია მეორეს საათი აჩუქა, პეტერბურგის ყაზანის მონასტრის მოხაზულობით, რაზეც ილია მეორემ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ძალიან უყვარს პეტერბურგი და სურს, საქართველოს და რუსეთის დრო ერთმანეთს ემთხვეოდეს.

"რას ნიშნავს ჩემთვის რუსეთი დღეს? რასაც ყოველთვის ნიშნავდა. რუსეთი, ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის ჭეშმარიტ გზას ეძებს. სწორედ იქ მივიღე მე სასულიერო განათლება, იქ ჩამოყალიბდა ჩემი მსოფლმხედველობა, სულიერი მდგომარეობა. მე დიდ პატივის ვცემ და ვლოცულობ რუსეთისთვის. იცით, რწმენა ყველაფრის საფუძველია. რუსეთსა და საქართველოს ერთი რწმენა აქვთ, მაგრამ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. ვწუხვარ ამის გამო. ჩვენი ქვეყნებისთვის უბრალოდ აუცილებელია, დაუბრუნდნენ დიალოგს. პოლიტიკოსები ცდილობენ, ჩვენი ხალხები ერთმანეთს დააშორონ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მათ ეს არ გამოსდით. მწამს, რომ ჩვენი ერები იპოვიან თავის თავში ძალას და სიბრძნეს, გაჩერდნენ და ერთმანეთს შეხედონ. უნდა ვთხოვოთ ერთმანეთს პატიება, გამოვიტანოთ დასკვნები და დავიწყოთ დიალოგი. ერთნი მართლმადიდებელნი არ უნდა ბომბავდნენ მეორეს. ჩვენი პოლიტიკოსებიც აუცილებლად უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა