პირველიდან 20 ნოემბრამდე "მაკდონალდსში" "ბიგ მაკის" გაყიდვებიდან შემოსული თანხის 5% ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში" გადაირიცხება.
საქველმოქმედო აქცია სლოგანით "გაუგზავნე ემოცია" "მაკდონალდსში" დღეს დაიწყო. რუსთაველის გამზირზე მდებარე "მაკდონალდსის" რესტორანში, აქციის გახსნას "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" წარმომადგენლები და ცნობილი ჟურნალისტები დაესწრნენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. საქართველოს მასშტაბით, "მაკდონალდსის" ექვსივე რესტორანში სალაროებთან მოთავსდება ყულაბები, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ექნება ჩაყაროს სასურველი თანხა და ამ ფორმით გაუგზავნოს სიყვარული და მზრუნველობა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ყულაბებით მოგროვილი თანხა კვარტალურად გადაირიცხება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში" და ჩატარდება სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები.
"ძალიან მნიშვნელოვანი აქცია დავიწყეთ დღეს. ჩვენთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, რადგან სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება ჩვენი დახმარება და ამ აქციით უფრო ბევრი ბავშვის გადარჩენას შევძლებთ", - განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა დიტო ცინცაძემ.
როგორც "მაკდონალდსის" მარკეტინგის დირექტორი თამარ გელანტია აცხადებს, რესტორანი "მაკდონალდსი", წელიწადის ამ დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს Happy Days აქციას, რითაც ბავშვთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.