"ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხვალ ფონდი საზოგადოებას შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს , რომელსაც მისი დამფუძნებელი ჯორჯ სოროსიც დაესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოდან" აცნობეს, ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
ფონდის საიუბილეო ღონისძიებები სექტემბერში, ბათუმის მედიაკონფერენციით დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. დოკუმენტური ფილმების, საინფორმაციო ილუსტრირებული გრაფიკების მეშვეობით ფონდი საქმიანობის 20 წელს შეაჯამებს ადამიანის უფლებების, მედიის განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სფეროში. მთავარი შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას 15 ნოემბერს წარედგინება, რომელსაც ფონდის დამფუძნებელიც დაესწრება.
20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ჯორჯ სოროსის ესსე "ჩემი ფილანტროპია" გამოსცა, სადაც იგი საუბრობს საკუთარ საქმიანობაზე, ინტერესზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ნაშრომში ავტორი ეხება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტაბჭოთა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ვრცლად საუბრობს საქართველოზეც.
ვიზიტის ფარგლებში, ფონდის დამფუძნებელი შეხვდება ფონდის საბჭოს წევრებს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს.
საიუბილეო ღონისძიებას დაესწრებიან ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები. მიღების სტუმრებს მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ამავე დროს, არის ღია საზოგადოების ფონდების სტიპენდიანტი 1993-1994 წლებში; ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ერთ-ერთი პირველი უფლებადამცველი ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი", რომლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს".
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი სტუდენტებისთვის ჩაატარებს ლექციას თემაზე: "ევროპის მომავალი - მისი შედეგები მსოფლიოსთვის."
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს ნიუ-იორკის "ღია საზოგადოების ინსტიტუტმა" დააფუძნა. ეროვნული ფონდები დღეს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
"ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. 1994-2014 წლამდე ფონდმა საქართველოში 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოახმარა ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას, ახალგაზრდების განათლებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, კულტურის სფეროს განვითარებას, საარჩევნო პროცესების სამართლიან გარემოში წარმართვას. ღია საზოგადოების თეორია, რომელიც ბრიტანელმა ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა 1940-იან წლებში შეიმუშავა, უპირისპირდება დახურულ საზოგადოებებს და გამორიცხავს ყოველგვარ ავტორიტარიზმს. ღია საზოგადოებაში უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებებია", - აცხადებენ ფონდში.