გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ამერიკული რესტორნების ქსელ ,,ვენდის" ვაკის ფილიალში ,,ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბების" სერიის წიგნების პრეზენტაცია გამართა.
მსოფლიოში ცნობილი სერიის - ,,ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბების" ორი წიგნი - ,,ნოსტრათაგვუსის მისტიკური ხელნაწერი" და ,,ყველისფერი ფურგონი" გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა.
,,ვენდის"-ში გამართულ ღონისძიებას წიგნების მთავარი პერსონაჟი - ჯერონიმოს თოჯინა ესწრებოდა, რომელმაც ქართულენოვანი წიგნები საჩუქრად გადასცა პროექტს - ,,წიგნი ყველა სოფელს", მანვე მშობლებს პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდა, ამჯერად საბავშვო ლიტერატურის მოგროვების კუთხით.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერის, სოფო საყევარაშვილის თქმით, ,,ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბები" მსოფლიოში ცნობილი სერიაა, რომლის ორი წიგნი საქართველში პირველად გამოიცა. მისივე ცნობით, "პალიტრა L" სერიის სხვა წიგნების გამოცემასაც გეგმავს.
"ჯერონიმო არის იტალიელი, ჭკვიანი რედაქტორი თაგვი, რომელსაც ძალიან საინტერესო და სასაცილო ისტორიები აქვს. ჯერონიმო პირველად არის საქართველოში. მისი მონაწილეობით კიდევ მრავალ საინტერესო ისტორიას შემოგთავაზებთ", - აღნიშნა სოფო საყევარაშვილმა.
"ვენდის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის, სოფო ჩოგოვაძის თქმით, "ვისოლ ჯგუფი" აქტიურად მონაწილეობს პროექტში "წიგნი ყველა სოფელს". მანვე მომხმარებელს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"ჩვენ მოხარულები ვართ ამ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო პრეზენტაციის წარდგენით. მოხარულები ვართ, რომ ამდენი ოჯახი გავახარეთ რეგიონებში. მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხმარებელს "ვისოლის", "სმარტის", "ვენდის" ობიექტებზე მოვიდნენ, მოგვიტანონ წიგნები და თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ კეთილი საქმის კეთებაში", - აღნიშნა სოფო ჩოგოვაძემ.
დღევანდელ ღონისძიებაზე "ვენდის" გოგონებმა ბავშვებს ბუშტები დაურიგეს და სახე მოუხატეს.
შეგახსენებთ, რომ "წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობოს, სახელმწიფოს, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის" და საპატრიარქოს ახალგაზრდული ფონდის "დავითიანნის" ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", "პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.
პროექტის ფარგლებში 1-ელი აგვისტოდან საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" და ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, "დავითიანნის" ოფისებში რუსთაველის გამზ. # 21/23-სა და სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში მიიტანოს წიგნები და გააჩუქოს ისინი მათთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დახარისხებული წიგნებით ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა" საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას, გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.
"წიგნი ყველა სოფელს" გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკების მომარაგებასაც ისახავს მიზნად.
იხილეთ ვიდეო: ჭკვიან იტალიელ თაგვს, ჯერონიმო სტილტონს უკვე ქართველი პატარებიც გაიცნობენ