"ტყის კვირეულს" დღეს "ბუკიას ბაღი" უმასპინძლებს, სადაც მოზარდებისთვის ეკო-გაკვეთილები გაიმართება. მათ მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია , თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს. პატარებისთვის კი ფოკუსების შოუ გაიმართება. ღონისძიების სპეციალური სტუმრები "თბილისის მწვანე სკოლისა" და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები იქნებიან.
WWF-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით "ტყის კვირეული" 23 ნოემბერამდე გაიმართება. კვირეულს მასპინძლობს ევროკავშრის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". კვირეულმა სტარტი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე 15 ნოემბერს აიღო. ღონისძიება 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF-ის წარმომადგნლები უწევდნენ.
მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერტიფიკატი გადაეცათ.
"ტყის კვირეულის" პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდამჭერები კი "პალიტრა მედია", "ITV ჯგუფი", გაზეთი "Caucasian Business Week", "ფოკუს ტვ" და ჟურნალი "ფოკუსი". დღეს, 14:30 საათზე, "ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღი" უმასპინძლებს; საკომუნიკაციო კამპანიას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა" უზრუნველყოფს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"