რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტუალური ანალიზი: “ნორმალიზაციის” პროცესის შესაძლო საფრთხეები და გამოწვევები

კორნელი კაკაჩია, სალომე მინესაშვილი, ლევან კახიშვილი

შეჯამება

"ქართული ოცნების" კოალიციის ძალაუფლებაში მოსვლას თან მოჰყვა საქართველოს ურთიერთობების დათბობა რუსეთთან, რაც “ნორმალიზაციის” პროცესის სახელითაა ცნობილი. ამჟამინდელი მთავრობა თანმხლებ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას ექსკლუზიურად პოზიტიური კუთხით აფასებს. შესაბამისად, მოსალოდნელი საფრთხეები, რაც თან ახლავს ქართულ ეკონომიკაში რუსული ბაზრის როლის გაზრდას, სათანადოდ არ არის შეფასებული. წინამდებარე ნაშრომი რუსეთის მიმართ საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის პოლიტიკური რისკების ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ მოახდინოს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია და შექმნას უწყებათაშორისი კომისია ემბარგოს განმეორების შემთხვევაში რეაგირების სტრატეგიის შესამუშავებლად.

1. შესავალი

2012 წელს ძალაუფლების დემოკრატიული გზით პირველად გადაცემის შედეგად "ქართულმა ოცნებამ" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჩაანაცვლა. წინა მთავრობისგან განსხვავებით შეიცვალა მკაცრი რიტორიკა და ახალი მთავრობის ინიციატივით რუსეთთან დაიწყო “ნორმალიზაციის” პოლიტიკა სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენის მიზნით.

“ნორმალიზაციის” პროცესი გულისხმობს დიალოგისთვის მზადყოფნას, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხებს შორის კონტაქტის აღდგენას. ამ მიდგომის ფარგლებში ახალმა მთავრობა რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელმაც შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ჩაანაცვლა. გარდა ამისა, საქართველომ,ფაქტობრივად, უარი თქვა ჩრდილო კავკასიის მიმართ მანამდე არსებულ პოლიტიკაზე: მთავრობა აღარ გასცემს სტიპენდიებს ჩრდილო კავკასიელი ახალგაზრდებისთვის თბილისში უმაღლესი განათლების მისაღებად და რუსულენოვანმა არხმა “ПИК” შეწყვიტა მაუწყებლობა. ასევე ამ მიდგომის ფარგლებში უნდა განვიხილოთ თბილისის გადაწყვეტილება ბოიკოტი არ გამოეცხადებინა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის. ეს მიდგომა ნაწილობრივ თანხვედრაშია საზოგადოებრივ დამოკიდებულებებთან, რომელიც საკმაოდ წინააღმდეგობრივია: ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მეორე მხრივ,იმავდროულად 78%-ს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია.

მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის შემცირებული კონფრონტაციის რიტორიკისა და გაძლიერებული თანამშრომლობის დისკურსისა, მაინც რჩება წითელი ხაზები, რომლებიც “ნორმალიზაციის” პროცესის გამოწვევას წარმოადგენს.

მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის შემცირებული კონფრონტაციის რიტორიკისა და გაძლიერებული თანამშრომლობის დისკურსისა, მაინც რჩება წითელი ხაზები, რომლებიც “ნორმალიზაციის” პროცესის გამოწვევას წარმოადგენს. მავთულ-ხლართების პოლიტიკა (ე.წ.“ბორდერიზაცია”), ანუ ფიზიკური ბარიერების აღმართვა კონფლიქტურ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის, სწორედ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა თანდათანობით გადმოწია ოკუპაციის ხაზი ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენი საქართველოს ყველა მიმართულებით. 2013 წლის ოქტომბრისთვის შიდა ქართლის რეგიონის გამყოფი ხაზის დაახლოებით 10% იქნა მონიშნული, რაც დაახლოებით 30-35 კილომეტრია. ამ პროცესს თან სდევდა რუსეთის სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. გარდა ამისა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების შეცვლასთან ერთან ახალმა გამოწვევებმა აქაც იჩინა თავი. როგორც სოხუმმა, ისე ცხინვალმა გააჟღერეს განზრახვა რუსეთთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. ამ შემთხვევაში არსებობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ რეგიონების ანექსიის შესაძლებლობა, რომელსაც წარმატებით იყენებს რუსული დიპლომატია საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.

მეორე მხრივ, “ნორმალიზაციის” პროცესს გარკვეული წარმატებებიც მოჰყვა, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ პროდუქტებზე აკრძალვის მოხსნაა (ღვინო, მინერალური წყალი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია), რომელიც 2006 წელს დაწესდა “სანიტარიული პრობლემების” გამო. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას გასათვალისწინებელი შედეგები მოჰყვა. საქართველოს ექსპორტი რუსეთის მიმართ 300%-ზე მეტით გაიზარდა და შედეგად 2013 წელს მოსკოვი თბილისის მეოთხე ყველაზე დიდი საექსპორტო პარტნიორი გახდა, ხოლო საქართველო რუსეთში ღვინის მესამე ყველაზე დიდი იმპორტიორი და 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ესპანეთსაც გაუსწრო.თუმცა ამ პროცესსაც თან ახლდა გართულებები. 2013 წლის ივლისში რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების კანონპროექტი. აღნიშნული შეთანხმება 1994 წლის თებერვალში გაფორმდა. ამ შეთანხმების შეჩერება, შესაძლოა, ნიშნავდეს ქართული პროდუქციისთვის საბაჟო შეღავათების მოხსნას და შედეგად ზოგიერთი ქართული პროდუქტის რუსული ბაზრიდან თანდათანობით გამოძევებას.

2. გამოწვევები

2012 წლის შემდეგ “ნორმალიზაციის” პროცესისა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების თანდათანობით აღდგენის შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები საგრძნობლად გაიზარდა. 2014 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით აზერბაიჯანის და სომხეთის შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციისთვის მესამე ყველაზე დიდი საექსპორტო ქვეყანაა. რუსეთის ბაზრის წილი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ეს მაშინ, როცა რუსეთი მეოთხე ყველაზე დიდი საექსპორტო ქვეყანა იყო 2013 წელს, ხოლო 2012 წელს პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში ოთხჯერ გაიზარდა 2012 წელთან შედარებით. 2012 წელს საქართველომ პირველად 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ღვინის გატანა დაიწყო რუსეთში. აქედან მოყოლებული ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გამუდმებით იზრდება. 2013 წელს საქართველომ ორჯერ მეტი ღვინო და მინერალური წყალი გაიტანა, ვიდრე წინა წელს. 2014 წლის აგვისტოსთვის ღვინის ექსპორტი 69%-ით გაიზარდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხოლო ღვინის ექსპორტის შემოსავალი 83%-ით. ღვინის გარდა, ორრაუნდიანი ინსპექციის შემდეგ განახლდა მინერალური წყლის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. 2014 წლის აგვისტოსთვის, მინერალური წყლის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა. ყოველივე ამის შედეგად რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნებს შორის 65%-იანი წილით. 2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა რუსეთთან ჰქონდა (3-ჯერ). მთლიანობაში 2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია თურქეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის შემდეგ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში თითქმის მეოთხედით მეტია 2005 წლის მონაცემებთან შედარებით, შეიძლება მტკიცება, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ისევ განახლდა და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში დივერსიფიკაციის ნაკლებობამ და რუსეთის ბაზარზე ზედმეტმა მიჯაჭვულობამ შესაძლოა რუსეთის ხელში დაკარგული ეკონომიკური და შემდგომში პოლიტიკური ბერკეტები აღადგინოს. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია იმ ფონზე, როცა რუსეთს ეკონომიკური ურთიერთობები არაერთხელ გამოუყენებია მეზობლების დასასჯელად ემბარგოს საშუალებით. საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და ბელორუსსაც კი სხვადასხვა დროს ცალ-ცალკე გამოცდილი აქვთ რუსეთის აკრძალვები მათ საექსპორტო საქონელზე. გარდა ამისა იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს საგარეო პოლიტიკაში დასავლური ორიენტაციის უარყოფაზე უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთი ნებისმიერ ზომას მიმართავს და მათ შორის ეკონომიკურ ბერკეტებსაც, რათა თბილისს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ამ პოტენციური პრობლემების აღქმა მთავრობის წევრების მიერ ცალკე გამოწვევაა, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი კოალიციის წევრები უფრო მოკლევადიან სარგებელზე კონცენტრირდებიან ამ ურთიერთობებში, ვიდრე საფრთხეებზე, რომელიც გრძელვადიან ეკონომიკურ დამოკიდებულებას შეიძლება მოჰყვეს.

3. ეკონომიკური დამოკიდებულება და ბაზრის დივერსიფიკაციის საჭიროება

ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობა ხშირად ხაზს უსვამს რუსეთთან გაუმჯობესებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დადებით ასპექტებს, თუმცა იმავდროულად, გარკვეულწილად, არასათანდოდ აფასებს პოტენციურ საფრთხეებს. განახლებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთან, პრემიერმინისტრის შეფასებით, არის „საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი, გონივრული და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი“. მეორე მხრივ, იშვიათად, მაგრამ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც აღნიშნავს რუსულ ბაზარზე მზარდი დამოკიდებულების საფრთხეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებას ურჩევს იმისათვის, რომ რუსეთის ბაზარი მხოლოდ და მხოლოდ დივერსიფიკაციის საშუალებად განიხილონ და თავიდან აიცილონ მასზე დამოკიდებულება. ფიქრობენ რა, რომ ქართული ბიზნესი ამ რჩევას გაითვალისწინებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სივრცეში საკმაოდ ინდიფერენტულები ჩანან რუსეთის პოტენციურ ქმედებებთან და ამ უკანასკნელის მიერ ეკონომიკური დამოკიდებულების პოლიტიკურ ბერკეტად შესაძლო გამოყენებასთან მიმართებაში. მაგალითად, რუსეთის საკანონმდებლო პროექტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით, მცირეოდენ ცვლილებად იყო აღქმული, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფონზე: ქართული ოცნების წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერმინისტრის, მიერ გაკეთებულ შეფასებებში ხაზგასმული იყო, რომ “ეს არ არის ტრაგედია”.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში, თითქმის, მეოთხედით მეტია 2005 წლის მონაცემებთან შედარებით, შეიძლება მტკიცება, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ისევ განახლდა და მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება არ განიხილება, როგორც საკმარისად მაღალი რისკი იმისათვის, რომ ეკონომიკური ემბარგოს შემთხვევაში საქართველო დააზარალოს: ზურაბ აბაშიძის შეფასებით, „შეიძლება გარკვეული ზარალი განიცადოს ჩვენმა ბიზნესმა, მაგრამ ჩვენი გათვლები ისეთია, რომ განსაკუთრებულ ტრაგედიას არ უნდა ველოდოთ“. ეს, შესაძლოა, ნაწილობრივ მართალიც იყოს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ამგვარი მიდგომა არასათანადოდ აფასებს პოტენციურ საფრთხეებს გრძელვადიან პერიოდში. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება, რუსეთის მიერ ეკონომიკური დამოკიდებულების საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების საფრთხე კიდევ უფრო იზრდება, რაც საქართველოს ხელისუფლებისგან უფრო ფრთხილ დამოკიდებულებას საჭიროებს.

4. სავაჭრო ურთიერთობების ახალი გამოწვევები

საქართველოს მთავრობა, რომელიც დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია რუსეთთან და ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ურთიერთშეთავსება, არ ელის რაიმე “დრამატულ ცვლილებებს” ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობებში. როგორც საქრთველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, “რუსეთის მხარე ცდილობს გაარკვიოს ზოგადად ეს ახალი რეალობა, ანუ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება ხომ არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს რუსეთის ეკონომიკას და რუსეთის ბაზარს. ჩვენი პოზიცია ცნობილია. ჩვენ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ”. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ მოსკოვმა აღადგინა ემბარგო მოლდოვურ პროდუქციაზე მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა კრემლს ჯერჯერობით საქართველოსთან მიმართებაში საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. 1994 წელს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის გაუქმების პროექტი მომზადდა, მაგრამ პროექტის საბოლოო ბედი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსი პოლიტიკოსები უფრო მეტად ფრთხილები არიან საკუთარ შეფასებებში. გრეგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ყურადღება გაამახვილა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის აუცილებლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დააკვირდება მოვლენების განვითარებას, ხოლო პრემიერმა მედვედევმა ხაზი გაუსვა რუსეთის ეკონომიკის დაცვის საჭიროებას.

საქართველოს მთავრობა არ ელის რაიმე “დრამატულ ცვლილებებს” ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობებში.

უმთავრესი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, მოსკოვმა სცადოს და შეზღუდოს ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის ხელმისაწვდომობა, არის რე-ექსპორტის შიში: DCFTA-ის ძალაში შესვლის შემდეგ, როდესაც ევროპული საქონელი საქართველოში შემოვა, რუსული მხარის განცხადებით, შესაძლოა, მოხდეს ამ პროდუქციის რე-ექსპორტი რუსეთში, რადგან ამ ეტაპზე რუსეთი და საქართველო დსთ-ში მოქმედი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილს წარმოადგენენ. თუმცა ეს არგუმენტი არამყარია, რადგან ქართული ბაზარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეც ღია იყო ევროკავშირის პროდუქციისთვის, შესაბამისად, რე-ექსპორტის საფრთხე, ამ ლოგიკით, აქამდეც უნდა დამდგარიყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვარაუდი, რომ მოსკოვის გაღიზიანება დიდწილად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, მაგალითად, ისეთი ფაქტებით, როგორიცაა ის, რომ ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულებების მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანასთან ორმხრივ ფორმატში აწარმოა და რუსეთი ამ პროცესიდან გამოთიშული იყო, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა საკუთარი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა მოლაპარაკებებში ჩართულობის გზით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პოლიტიკური დაუცველობის შეგრძნება ეკონომიკურ არგუმენტებშია შეფუთული და წარმოდგენილია საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ლეგიტიმაციის მიზნით. შედეგად, როდესაც რუსული პოლიტიკა იჭრება ეკონომიკის სფეროში, უსაფრთხოების შესახებ შეკითხვები ბუნებრივად ჩნდება. ამიტომაც საჭიროა, ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების განხილვაც.

5. ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკური რისკები

ყოველივე ზემოთაღნიშნულის შემდეგ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება თბილისსა და მოსკოვს შორის “გადატვირთვის პოლიტიკა” საბოლოოდ დაასამაროს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ამ ორ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში კვლავ წარმოუდგენელი რჩება, იმდენად რამდენადაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილი. თბილისს კიდევ ერთი წითელი ხაზი გააჩნია, რომელზეც მოლაპარაკება და რაიმე სახის კონსენსუსის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს არის საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვისა და ალიანსების არჩევის სუვერენული უფლება. იმავდროულად რუსეთსაც აქვს საკუთარი წითელი ხაზი: რუსმა პოლიტიკოსებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ მოსკოვი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას. მეტიც, რამდენადაც საქართველოს დასავლური ორიენტაცია უცვლელი რჩება, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება უსაფრთხოების დინამიკაზე რეგიონში და აქ არსებულ კონფლიქტურ ზონებზე, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ამასთან, ნათელია, რომ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ინტერესები და ორი ქვეყნის ხედვა რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-რუსული დიალოგის ფონზე მკაცრი რიტორიკა შერბილდა, ორმხრივ ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებების მოლოდინი არ არსებობს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება თბილისის ფლირტი მოსკოვთან, რადგან ოქროს შუალედის პოვნა რუსეთთან კონფრონტაციასა და კაპიტულაციას შორის კვლავ რჩება ქართული პოლიტიკური კლასის ერთ-ერთ ურთულეს ამოცანად.

6. რეკომენდაციები

2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში რუსეთის მიერ “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმთან ისედაც მძიმე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაართულებს. აქედან გამომდინარე იზრდება იმის ალბათობა, რომ ამ ფაქტორმა გავლენა მოახდინოს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ:

• აქტიურად განაგრძოს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი დამოკიდებულება ერთეულ ბაზრებზე, განსაკუთრებით, ისეთ პოლიტიზირებულ ბაზრებზე, რომელთა მთავრობებიც გამოირჩევიან ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკური ბერკეტებად გამოყენების ტენდენციით;

• წაახალისოს ქართული ბიზნესები, რათა გააგრძელონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის (ასევე სხვა საერთაშორისო ბაზრების) ათვისებით, რასაც თან მოყვება ქართული პროდუქციის ხარისხის ზრდა, რადგან ევროკავშირი არის ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის კარგი ალტერნატივა, თუმცა, ამ ბაზრის ეფექტურად, სრულად ათვისება გრძელვადიანი და საკმაოდ შრომატევადი პროცესია;

• მოახდინოს რუსული ბაზრის ხვედრითი წილის თანდათანობით შემცირება საქართველოს ექსპორტში: მიუხედავად არსებული პოლიტიკური რისკებისა და პოტენციური საფრთხეებისა ქართული ბიზნეს წრეების გარკვეული ნაწილისთვის რუსული ბაზარი ჯერ კიდევ რჩება მიმზიდველად ქართული ბრენდების ცნობადობის გამო; აქედან გამომდინარე გარდამავალ პერიოდში გაჭირდება ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიულ მიმართულებაზე უარის თქმა, თუ ეს პროცესი წინააღმდეგობაში არ მოვიდა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან და აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან;

• თავიდან აიცილოს სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია, რომლებიც იმ ინფრასტრუქტურის ხერხემალს წარმოადგენენ, რომლის მეშვეობითაც ხდება საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნება;

• შექმნას უწყებათაშორისი კომისია, რათა შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს რუსეთის მხრიდან შესაძლო ეკონომიკურ ემბარგოზე რეაგირება; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობის სექტორს რომელიც ამ მხრივ ყველაზე უფრო მოწყვლადია;

• აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს შესაძლო ემბარგოზე რეაგირების სინქრონიზაცია და ეკონომიკური ზარალის მინიმიზაცია მოლდოვის მაგალითის გათვალისწინებით.