საქართველოს იაპონიის მთავრობამ გრანტი გამოუყო

ბუნებრივი კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო აღჭურვილობის და ტექნიკის შესაძენად იაპონიის მთავრობამ გრანტი გამოყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს,

დღეს, ფინანსთა სამინისტროში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის შეთანხმებას 100 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 850,000 აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, არასაპროექტო გრანტი გამოყენებული იქნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნიკის (ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების პარამეტრებზე დაკვირვების აპარატურა, ასევე წყლის ხარისხისა და ნიადაგის გამოსაკვლევი აპარატურა) შესაძენად.

სამინისტროს ცნობით, საგრანტო დახმარება (100 მილიონი იენი) არასაპროექტო საგრანტო შეთანხმებაზე დამატებას წარმოადგენს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გაფორმდა და რომლის ფარგლებშიც იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობისთვის 200 მილიონი იენი გამოყო.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის