მსოფლიო რბენის გლობალური სპორტული დირექტორი ქოლინ ჯექსონი თბილისს ესტუმრება

ლეგენდარული მორბენალი და Wings For Life World Run-ის სპორტული დირექტორი ქოლინ ჯექსონი დღეს თბილისს ესტუმრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანია ოფიციალური პრესკონფერენციის გამართვა, რომლის ფარგლებშიც ის კეთილი ნების ელჩებს და ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ქოლინი დამსწრე საზოგადოებას 2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგებს, საინტერესო ფაქტებს, 2015 წლის გეგმებს გააცნობს და მათ კითხვებს უპასუხებს.

პრესკონფერენცია სასტუმრო "Rooms"-ის საპრესკონფერენციო დარბაზში დღეს გაიმართება და მასში მონაწილეობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფინი და საქართველოს რბენის სპორტული დირექტორი, სეულის ოლიმპიადის პრიზიორი მაია აზარაშვილი მიიღებენ.

ქოლინ ჯექსონი ლეგენდარული ათლეტია როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი სეულის ოლიმპადაზე 110 მეტრზე ბარიერულ სირბილში, ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ქოლინ ჯექსონს დამყარებული აქვს 12.91 წამიანი მსოფლიო რეკორდი 110 მეტრზე ბარიერულ სირბილში, რომლის გაუმჯობესება ათი წლის მანძილზე ვერავინ შეძლო, მისი შედეგი 60 მეტრიან სირბილზე კი დღემდე მსოფლიოში საუკეთესოდ რჩება. ის ასევე მწვრთნელი, მენეჯერი და BBC-ის წამყვანია.

ქოლინ ჯექსონი Wings for life მსოფლიო რბენის დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. მის მოვალეობაში შედის მსოფლიო რბენის კონტროლი სპორტული და ტექნიკური კუთხით როგორც მოსამზადებელ პერიოდში, ასევე ღონისძიების მიმდინარეობის დროს.

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 3 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით მეორედ გაიმართება. 2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3000 ადამიანი დარეგისტრირდა.

2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 40 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურ სანომრე ნიშანს, რომელსაც დაიმაგრებენ მაისურზე, შედეგების კონტროლი ხორციელდება ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან. ყოველ მე-5 კმ-ზე განთავსებული იქნება გამაგრილებელი პუნქტები წყლით და ხილით. მორბენალს, რომელიც შეჯიბრებას გამოეთიშება, უკან, სტარტზე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე